გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ წითელუბანში მთავარ გზას “მშვიდობის ქუჩას” დაარქმევენ

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ წითელუბანში ცენტრალურ ქუჩას ,,მშვიდობის” სახელს მიანიჭებენ. ამის შესახებ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მუნიციპალიტეტს თხოვნით მიმართეს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

გადაწყვეტილების პროექტი გორის მერიაში უკვე მოიწონეს. მერიამ პროექტი დასამტკიცებლად საკრებულოს გადაუგზავნა. გორის საკრებულო აღნიშნულ საკითხს 9 ნოემბრის სხდომაზე განიხილავს.

წერილის მიხედვით, წითელუბნელები “მშვიდობის ქუჩის” დაარსებას, ჯერ კიდევ, 2016 წლიდან ითხოვენ.

მერის რწმუნებულის მთავარი სპეციალისტი მანანა თვაური ამბობს, რომ მშვიდობის სახელის მინიჭება სოფელში სხვადასხვა ეთნიკური მოსახლეობის არსებობას უკავშირდება: “მოგეხსენებათ, წითელუბანში ცხოვრობენ ოსები და ქართველები, აქ, მათ შორის, არიან მაჰმადიანი ქართველები და აჭარიდან ჩამოსული ეკომიგრანტები. სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება მშვიდობის ქუჩის დაარსება”.

წითელუბანში ოფიციალურად 260-მდე კომლია რეგისტრირებული. დასახლება შავშვების ტერიტორიულ თემში შედის.

მსგავსი სიახლეები