ახალციხეში ერთ-ერთი ქუჩისთვის შარლ აზნავურის სახელის მინიჭებას ითხოვენ

681

სამცხე–ჯავახეთის ანალიტიკური ცენტრის დირექტორმა ედუარდ აივაზიანმა ახალციხის საკრებულოს განცხადებით მიმართა. აივაზიანი დეპუტატებს ახალციხეში ერთ–ერთი ქუჩისთვის შარლ აზნავურის სახელის მინიჭებას ითხოვს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

აივაზიანმა ახალციხის საკრებულოს წერილით ხუთ ნოემბერს მიმართა.

“2018 წლის 31 ოქტომბერს ახალქალაქის საკრებულომ შარლ აზნავურის პატივისცემის ნიშნად ერთ- ერთ ქუჩასა და სკვერს მისი სახელი მიანიჭა. მისასალმებელი იქნება თუ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო შარლ აზნაურის პატივისცემის ნიშნად ახალციხეში ერთ-ერთ ქუჩას მიანიჭებს მის სახელს. ვფიქრობთ, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შუწყობს ტურისტების მოზიდვას და შარლ აზნავურის სახელის უკვდავყოფას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის გელა ნოზაძის თქმით, აივაზიანის განცხადებას არჩევნების შემდეგ განიხილავენ: “ამ საკითხის განხილვა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, ვინაიდან ეს პოლიტიკურად ანგაჟირებული საკითხი მგონია და არჩევნების შემდგომ ვიმსჯელებთ“.

შეგახსენებთ, რომ შარლ აზნავური 1 ოქტომბერს 95 წლისა გარდაიცვალა. სომხური წარმოშობის ფრანგი მომღერალი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა, რომელიც საფრანგეთში 1922 წელს გადასახლდა. შარლის დედა სომეხ ვაჭართა ოჯახიდან იყო, რომელიც თურქეთში ცხოვრობდა, მამა კი საქართველოში დაიბადა. აზნავური სცენაზე თითქმის 80 წელს გამოდიოდა. არტისტს 180 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. სომხური წარმოშობის ფრანგი მომღერალი 60-ზე მეტი ფილმის გადაღებაში მონაწილეობდა.

3 ოქტომბერს ეიფელის კოშკი შარლ აზნავურის ხსოვნის პატივსაცემად განათდა.