აბაშის მერიიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა სასამართლო დავა მოიგეს

1666

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018 წლის 12 იანვარს სამსახურიდან სამი თანამშრომელი გაათავისუფლა. დასაქმებულებმა – მურად ძველაიამ, კობა თოფურიამ და აკაკი ბოკუჩავამ გადაწყვეტილება უკანონოდ მიიჩნიეს და სასამართლოში იჩივლეს. ინფორმაციას ლიბერალი ავრცელებს.

სენაკის რაიონულმა სასამართლომ მათი საჩივარი 14 მაისს დააკმაყოფილა – მერიას თანამშრომლების აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება მოსთხოვა. აბაშის მერიამ სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა 31 ოქტომბერს სააპელაციომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

აბაშის მერიამ სამი დასაქმებული ოფიციალურად შიდა აუდიტის მოკვლევის საფუძველზე გაათავისუფლა, მაგრამ სასამართლომ მერიის პოზიცია არ გაიზიარა, მიუთითა, რომ საქმეზე წარმოდგენილი მასალებით მოპასუხე ვერ ადგენს, ჩაატარა თუ არა აუდიტორული მოკვლევა და იყო თუ არა მისგან მიღებული დასკვნა საკმარისი დასაქმებულთა გასათვისუფლებლად.

ამასთან, თანამშრომლებმა წარადგინეს მტკიცებულებები, რომ აბაშის მერი ერთ-ერთ მათგანს პირად საუბარში თანამდებობის დატოვებას სთხოვდა.

მოსარჩელეები მერიაში 2015 წლიდან მუშაობდნენ. სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მათი მუშაობის პერიოდში აუდიტმა მოკვლევა 2016 წელსაც ჩაატარა, თუმცა მაშინ დარღვევები ვერ აღმოაჩინა.