მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთარებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების სახელმწიფო პროგრამა იწყება

მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთარებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების სახელმწიფო პროგრამა იწყება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ჩვენი ქვეყნისთვის მთიანი რეგიონები მნიშვნელოვანია და იმისთვის, რომ არ მოხდეს მოსახლეობისგან დაცლა და ხელი შეეწყოს მთაში მცხოვრებლების სოციალური პირობების გაუმჯობესებას, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამით გამოდის. ამისთვის პრემიერ-მინისტრმა სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს მადლობა გადაუხადა.

„სოფლის მეურნეობის სამინისტრო ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამით გამოდის, რომელიც ითვალისწინებს მთიან რეგიონებში კოოპერატივების შექმნის შემთხვევაში მთელ რიგ დახმარებებს სახელმწიფოს მხრიდან. ეს იქნება დახმარებათა პაკეტი. ეს იქნება ტექნიკის, სათიბ-საძოვრების გადაცემა იმისთვის, რომ მეცხოველეობის განვითარებას შევუწყოთ ხელი. ეს პროგრამა 2 წელს მოიცავს და სახელმწიფოს მხრიდან იქნება 6 მილიონი ლარის ოდენობის დაფინანსება გამოყოფილი. პირველ ეტაპზე პროგრამა ითვალისწინებს დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანა ფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ რძის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნას, მის აღჭურვას. აღნიშნული საწარმო პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცემა სასოფლო სამეურნეო კოოპერატივს, რომელიც 8 წლის განმავლობაში საბალანსო ღირებულების მხოლოდ 23%-ს დაფარავს. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერების მიზნით და მოდელად ჩვენ ავიღეთ ქართულ-შვეიცარიული ერთობლივი ძალიან წარმატებული პროექტი, რომელიც რაჭაში ხორციელდება“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამა სხვა მთიან რეგიონებშიც გაგრძლდება.

„ეს არის საპილოტე პროექტი. ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა და ვფიქრობთ, რომ თვისობრივად მოახდენს მთაში მცხოვრებლების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. მე დიდი იმედებს ვამყარებ ამ პროგრამაზე. ვფიქრობ, რომ ეს პროგრამა იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, რომელსაც ექნება ზეგავლენა მთაში მცხოვრები რიგთი ადამიანის ცხოვრების დონეზე“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი

მსგავსი სიახლეები