ახალციხის სოფელ ურავლის მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო მუნიციპალიტეტმა, შესაძლოა, იაპონური გრანტი ვეღარ მიიღოს

752

ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ დეპუტატებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ შესაძლოა იაპონიის საელჩოს გრანტი, რომლითაც ექვსი სოფელის გასარწყავიანება იგეგმებოდა, მუნიციპალიტეტმა ვეღარ მიიღოს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

მისი თქმით, თვითმმართველობა პროექტის განსახორციელებლად ურავლის მოსახლეობის დათანხმებას ექვსი თვეა უშედეგოდ ცდილობს: “ეს პროექტი უნდა განხორციელდეს. მე მგონი დავკარგეთ გრანტი და ამის გაკეთება მოგვიწევს საკუთარი, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით“, – განაცხადა მელიქიძემ 31 ოქტომბერს, საკრებულოს დეპუტატებთან შეხვედრის დროს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მელიქიძემ “სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადა, რომ “ჯერ არაფერია დაკარგული“ და ამ საკითხთან დაკავშირებით ურავლის მოსახლეობასთან შეხვედრას კიდევ გეგმავს: “ახალ წლამდე კიდევ ერთხელ უნდა შევხვდეთ მოსახლეობას. ჩვენი სურვილია უმრავლესობა მოვიდეს და დაესწროს. ჯერ არაფერია დაკარგული, მიმდინარეობს მოლაპარაკებები. აქ არ არის საშიშროება, რომ რაიმე ზიანი მიადგეს მდინარეს, ან მოსახლეობას. მდინარით მაშინ ისარგებლებს მოსახლეობა, როცა წყალუხვია, ანუ მაისსა და ივნისში, სხვა დროს მოსახლეობას წყალი პრაქტიკულად არ სჭირდება“.

მისი თქმით, წყლის გაშვების პროცესს ა(ა)იპ მელიორაცია გააკონტროლებს: “მუნიციპალიტეტს ვალდებულებაც აქვს კანონით გაწერილი, რომ თუ რაიმე საშიშროება ექნება მდინარეს, თევზს, ან მის კალაპოტს სარწყავ სისტემას აუცილებლად გადაკეტავენ. მოსახლეობის ნაწილი პირად საუბრებში უკვე გვეუბნება, რომ პროექტის განხორციელებაზე პრობლემა არ აქვს. მათ გაიგეს, რომ პროექტი მათთვის საზიანო არ არის“.

შეგახსენებთ, რომ ურაველში, ადგილობრივების პროტესტით შეჩერებულ პროექტს, რომელიც 6 სოფლის გასარწყავიანებას გულისხმობს იაპონიის საელჩო აფინანსებს და 30 წლის წინ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა.

“სამხრეთის კარიბჭის” ცნობით, ამ პროექტის ნაწილი გასაიდუმლოებულია, მშენებლობას კი ახალციხის მერის ყოფილი კომპანია აწარმოებს, რომელსაც ახლა მისი ცოლისძმა ფლობს.