სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი მომავალ წელს, დაახლოებით, 20 მილიონი ლარი იქნება

1405

წინა სტატია

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი მომავალ წელს დაახლოებით 20 მილიონი ლარი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პროგრამის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ პროექტების რაოდენობა არ იქნება, ან პროექტი არ იქნება ისეთი, რომელიც კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, ეს თანხა მიმართული იქნება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში და მუნიციპალურ საჭიროებებს მოხმარდება.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამა არის პროგრამა, რომელზეც დადებითი და უარყოფითი შეფასებები მსმენია. ეს პროგრამა იყო მიმართული მცირეთანხიანი პროექტებისთვის, მაგრამ თვითონ პროექტების შერჩევა არის საინტერესო, რომელსაც უშუალოდ სოფლის მოსახლეობა არჩევდა სოფლის კრების გზით. სწორედ ეს არის თვითმმართველობის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც თვითონ გადაწყვეტილების მიმღები პირები არიან იმ სოფლების მცხოვრებლები. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ეს პროგრამა არის საინტერესო დღესაც, რადგან სოფერებში არის მცირე პროექტების დაფინანსების ინტერესი.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჩვენ ვაფინანსებთ პროექტებს, რომლის ღირებულება 50 ათასი ლარი და ზემოთ არის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში სოფლებში არის მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების საჭიროება – სკვერების მოწესრიგების, უბნების კეთილმოწყობა, შეკრების ადგილების კეთილმოწყობა, სანიაღვრე არხების გაწმენდა და ა.შ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ეს პროგრამა აღვადგინეთ, მაგრამ არა იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც იყო გათვალისწინებული მანამდე.

გარდა ამისა, პროგრამა მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მივმართეთ, რაც მის ეფექტურობას მნიშვნელოვანწილად გაზრდის. ბიუჯეტი, დაახლოებით, 20 მილიონი ლარია. იმ შემთხვევაში, თუ პროექტების რაოდენობა არ იქნება, ან პროექტი არ იქნება ისეთი, რომელიც კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, ეს თანხა ისევ მიმართული იქნება რეგიონული განვითარების ფონდში და ისევ მუნიციპალურ საჭიროებებს მოხმარდება.

პროგრამის ეფექტიანობას თვითმმართველობები გააკონტროლებს. ჩვენ შევისწავლეთ ყველა არაეფექტურობა, რომელიც ამ პროგრამაში მანამდე იყო. დადებითი მხარეები გათვალისწინებული და წარმოჩინებულია, ხოლო უარყოფითი და ნაკლებეფექტურობა ასევე გათვალისწინებულია ამ პროგრამაში“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება საქართველოს მთავრობამ 2009 წელს დაიწყო და 2017 წელს სრულიად მოულოდნელად და ყოველგვარი განმარტების გარეშე გააუქმა. პროგრამის გაუქმებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატები ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა, ის ვერც 2017 და ვერც 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ვეღარ მოხვდა. თავდაპირველად ხელისუფლება არ ასახელებდა მიზეზს, თუ ამგვარი გადაწყვეტილება რის გამო მიიღო, თუმცა, მოგვიანებით ითქვა, რომ პროგრამა არაეფექტური იყო და ბიუჯეტს 50 მილიონი ლარი დაუზოგეს.