თბილისის მერიამ სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების აუდიტი მომავალი წლისთვის გადადო

714

თბილისის მერიამ, მის დაქვემდებარებაში მყოფი 76 სსიპ-ისა და ა(ა)იპ-ის ფინანსური აუდიტის მიზნით გამოცხადებული ტენდერები შეწყვიტა. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.

ამის მიზეზი საქართველოს აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა პროფესიული ფედერაციის მიერ, დავების საბჭოში შეტანილი საჩივრები გახდა, რომელიც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მუნიციპალიტეტს სატენდერო დოკუმენტაციის გადახედვა დაევალა. თუმცა მერიაში მიიჩნიეს, რომ”გასაჩივრების გამო მნიშვნელოვნად შემცირდა მომსახურების გაწევის ვადა“ და ტენდერის შეწყვეტა მიზანშეწონილად ჩათვალეს. სატენდერო კომისიის ოქმით ირკვევა, რომ შემდგომი ტენდერები არა ერთ, არამედ უკვე ორ-2017-2018 ფინანსურ წლებზე გამოცხადდება, მომავალი წლის ბიუჯეტის ასიგნებებიდან.

შეგასენებთ, რომ ფედერაცია სატენდერო დოკუმენტაციის იმ ჩანაწერზე დაობდა, რომლის მიხედვითაც, აუდიტორული კომპანია ვალდებული იყო “აღმოეფხვრა გამოვლენილი დარღვევები და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოეყვანა ისინი“.

ფედერაციაში მიაჩნიათ, რომ ასეთი პირობებით, სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში შესაძლო დარღვევებზე პასუხისმგებელი, აუდიტორული კომპანია ხდება. მეტიც, აუდიტორს კანონით და ეთიკის კოდექსით ეკრძალება “აღმოფხვრას და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს“ გამოვლენილი ხარვეზები, ასეთ ტენდერში მონაწილეობით კი მერია კომპანიებს კანონდარღვევისკენ უბიძგებს.