უახლოეს დღეებში ზუგდიდში და წყალტუბოში დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება

1028
მაკეტი

მუნიციპალური განვითარების ფონდი უახლოეს დღეებში ზუგდიდში და წყალტუბოში დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე ტენდერს გამოაცხადებს, – ამის შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მუნიციპალური განვითარების ფონდის ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც ფონდმა დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით, ღია კარის დღე გამართა და სამშენებლო კომპანიებს გამოსაცხადებელ ტენდერები წინასწარ წარუდგინა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

“ჩვენ მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად ვაგრძელებთ შეხვედრებს, ღია კარის დღეებს და სამშენებლო კომპანიებს, დაინტერესებულ პირებს ვაცნობთ იმ პროექტებს, რომელსაც ვგეგმავთ. ერთი კვირის განმავლობაში გამოვაცხადებთ ტენდერს 780 ბინის მშენებლობის დასაწყებად. ზოგადად, 2013 წლის შემდეგ ბინებით 16 ათასი ოჯახი დავაკმაყოფილეთ, თუმცა, ეს საჭიროებების ნაწილია. დღეს გვქონდა საუბარი ზუგდიდსა და წყალტუბოში 9 კორპუსის მშენებლობაზე. ესეც ნაწილია იმ გეგმების, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდს აქვს. შემდეგი წლის განმავლობაში სავარაუდოდ, 50-60 მილიონის გეგმები გვაქვს ამ მიმართულებით და ასეთი შეხვედრებიც გაგრძელდება”,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

ფონდის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, დაგეგმილია 9 კორპუსის მშენებლობა 780 დევნილი ოჯახისთვის ზუგდიდსა და წყალტუბოში.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, ყველა ბინაში დამონტაჟდება წყლისა და გაზის გამათბობლები, მოეწყობა გარე ინფრასტრუქტურა, სკვერები, მოსასვენებელი ადგილები და ბავშვთა გასართობი მოედნები. ასევე, დაგეგმილია საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი გზების და ავტოსადგომების მოწყობა.

კერძოდ, ფონდის ინფორმაციით, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე აშენდება 3 კორპუსი. პროექტის ღირებულება 26 070 315 ლარია. სამშენებლო ტერიტორია კი, 35 305 კვ.მ.-ს მოიცავს. აღნიშნულ სამ კორპუსში 360 ბინა იქნება. მათ შორის, 72 ერთოთახიანი, 144 ოროთახიანი და 144 სამოთახიანი. მშენებლობის ხანგრძლივობა 24 თვეა.

რაც შეეხება წყალტუბოს, ფონდის ცნობით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფეკ გვიშტიბში 6 კორპუსის მსენებლობა იგეგმება, რომლის ჯამური ღირებულება 30 653 705 ლარია.

ასევე, მუნიციპალური განვითარების ფონდი მომავალი წლიდან, ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის 12 კორპუსის მშენებლობას გეგმავს, რომლის ჯამური ღირებულება 85 742 200 ლარია.