მაიზერ ნანავას ბოდიში: გიჟებში პოლიტიკური ძალები ვიგულისხმე (ვიდეო)

799

წინა სტატია

მერიის სხდომათა დარბაზში შეხვედრის დაწყებამდე, სადაც მერის მოვალეობის შემსრულებელს ანგარიში უნდა წარედგინა, დევნილი თეონა ქარდავა მაიზერ ნანავას დაუპირისპირდა, სადაც ნანავამ მოქალაქე თეონა ქარდავას მისამართით განაცხადა, რომ – “ზუგდიდის მოსახლეობის 95% ინტელექტია, 5% გიჟი, რა ვქნათ ყველგან არიან, ამიტომაც გვაქვს ჯანდაცვის პროგრამები, რომ მათ ვუმკურნალოთ”. იყო თუ არა მაიზერ ნანავას აღნიშნული სიტყვები დისკრიმინაცია, მერის მოვალეობის შემსრულებელმა ორგვარად განმარტა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

თავდაპირველად, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შენიშვნა, რომ მისი ნათქვამი დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავდა, არ გაიზიარა და უარყო, თუმცა მალევე ბოდიშიც მოიხადა.

“არანაირი დისკრიმინაცია არ არის. მე ვთქვი ავადმყოფ ადამიანებზე, თორემ პირადად სახელი და გვარი არ მითქვამს ამ ადამიანების. თქვენც დამერწმუნებით ამაში. რაც ნახეთ, ფაქტი სახეზე იყო. რეალობა იყო. მეც ადამიანი ვარ, ჩემი მინუსები მაქვს. მაქვს გრძნობები, ემოციები. მე მგონი, ამაზე არ უნდა ვიდავოთ“, – აღნიშნა შეხვედრის მიმდინარეობისას მაიზერ ნანავამ.

მოგვიანებით, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას საკუთარ განცხადებაში ავადმყოფი ადამიანები არ უგულისხმია, არამედ ის “გარკვეული პოლიტიკური ძალები“ მოიაზრა, რომლებიც თეონა ქარდავას ზურგს უკან იდგნენ და მერის მოვალეობის შემსრულებლის ანგარიშის ჩაშლას შეეცადნენ პროვოკაციის გზით.

“მე, როგორც რიგითი მოქალაქე, ჩემი აღელვების ფონზე ვთქვი ამ ადამიანზე კი არა, ზოგადად. ბოდიშს ვიხდი იმ საზოგადოების წინაშე, თუ ეს დისკრიმინაციული ნაწილია. მაგრამ არ მიგულისხმია ის ადამიანები, თქვენ ახლა ვისაც გულისხმობთ. მე უბრალოდ იმ პოლიტიკურ ნაწილზე ვთქვი, რომელსაც დღეს ამ ანგარიშის ჩაბარების ჩაშლა უნდოდა“, – განმარტა მაიზერ ნანავამ.

მისივე თქმით, მას არ აქვს თეონა ქარდავას სამედიცინო დასკვნა, თუმცა პირობითად ამბობს, რომ მოქალაქის ქმედება იყო გიჟური.

თავის მხრივ, მერის მოვალეობის შემსრულებლის სიტყვებს დისკრიმინაციად აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია. “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელ არჩილ თოდუას თქმით, არ შეიძლება, როცა თანამდებობის პირი, საჯარო ფიგურა მოსახლეობის რაღაც ნაწილს გიჟად მოიხსენიებს.

“ძალიან ცუდია და ვფიქრობ, რომ დისკრიმინაციული განცხადება იყო. მაგრამ კარგია, რომ მას შემდეგ, რაც მიეცა შენიშვნა, რომ ეს დისკრიმინაციული განცხადებაა, მან ბოდიში მოიხადა“, – ამბობს არჩილ თოდუა.