ნინოწმინდის საკრებულოს თანამშრომელს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისთვის სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს

1002

წინა სტატია

ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ ნინოწმინდაში საკრებულოს აპარატის უფროსს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისთვის მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ნინოწმინდის საოლქო კომისიამ საკრებულოს აპარატის უფროსის არფიკ სოღოიანის მიერ ზურაბიშვილის სააგიტაციო მასალის საკრებულოს ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად მიიჩნია და საქმე სასამართლოს გადასცა.

სასამართლომ კი არფიკ ტოროიანს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისთვის მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

“გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაგვბარებია, მაგრამ მოსამართლემ გადაწყვეტილების მიზეზად განმარტა, რომ არფიკ სოღოიანს შეცდომა პირველად მოუვიდა, თან ფაქტს მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია, ამიტომ ვეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას და აღარ ვიდავებთ“, – ამბობს ნინოწმინდის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გია გაჩეჩილაძემ.

სასამართლო გადაწყვეტილებას არ ეთანხმება “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი“ ქეთი ბებიაშვილი. ნინოწმინდის საოლქო კომისიას საჩივრით სოწრედ მან მიმართა. ბებიაშვილი სოღიანის 2 000 ლარით დაჯარიმებას ითხოვდა.

“ადმინისტრაციული კოდექსი ჯარიმის გარდა სიტყვიერ შენიშვნასაც ითვალისწინებს, მაგრამ ჩვენ მაინც არ ვეთანხმებით სასამართლოს გადაწყვეტილებას. მიმაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ხარვეზი, ჩვენ მხარე რომ ვყოფილიყავით, აუცილებლად გავაგრძელებით დავას აღნიშნულზე, მაგრამ სასამართლოში მომჩივანი და მხარე ამ შემთხვევაში არის ნინოწმინდის საოლქო კომისია და მისთვის ეს გადაწყვეტილება მისაღები აღმოჩნდა“,– ამბობს ბებიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ორ ოქტომბერს ნინოწმინდის საკრებულოს ფეისბუქ გვერდზე პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრის ამსახველი მასალა გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საკრებულოს ფეისბუქის გვერდიდან მასალა წაშლილია.

ნინოწმინდის საკრებულოს აპარატის უფროსმა არფიკ ტოროიანმა “სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში დაადასტურა რომ ფეისბუქის გვერდი, რომელზეც ზურაბიშვილის ვიზიტის ამსახველი ფოტოებია გამოქვეყნებული, ნადვილად მათი ოფიციალური გვერდია, ამ გვერდს თავად მართავს და ფოტოებიც თავად ატვირთა.