ზურაბიშვილმა ვაშაძესთან არჩევნები ხუთივე თვითმმართველ ქალაქში წააგო

1568

წინა სტატია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, რომელიც უბნების 100%-ის მონაცემებს მოიცავს,  “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესთან არჩევნები ხუთივე თვითმმართველ ქალაქში წააგო.

ყველაზე ცუდი შედეგი ზურაბიშვილმა რუსთავში აჩვენა, სადაც მან ხმათა 24.34% მიიღო. რაც შეეხება ვაშაძეს, მან ამ ოლქში ხმათა 47.14% მოიპოვა.

მცირედით უკეთესი შედეგი აქვს ზურაბიშვილს ქუთაისში, სადაც მან ხმათა 28.68%-ის მიღება შეძლო, ხოლო მისმა კონკურენტმა ვაშაძემ ხმათა 46.99% მოაგროვა.

ბათუმში ზურაბიშვილმა 33.88%, ხოლო ვაშაძემ 44.82% მიიღეს. ფოთში კი მმართველი პარტიის მხარდაჭერილმა კანდიდატმა 34.11%, ნაცმოძრაობის კანდიდატმა კი 39.82% დააგროვეს.

რაც შეეხება დედაქალაქს, ზურაბიშვილმა და ვაშაძემ თბილისში არსებული ათი ოლქიდან ხუთ-ხუთში გაიმარჯვეს, თუმცა, საბოლოო ჯამში, სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული ხმები გრიგოლ ვაშაძის მიერ მიღებულ ხმებზე 4 158 ხმით ნაკლები აღმოჩნდა.