წინასწარი მონაცემებით, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში თერჯოლაში “ოცნების”, სამტრედიაში კი “ნაცმოძრაობის” კანდიდატმა გაიმარჯვა

938

28 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, ორ მუნიციპალიტეტში – თერჯოლასა და სამტრედიაში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა. არჩევნების წინასწარი შედეგებით, თერჯოლაში ხმების 50,55%-ით „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი ბარათაშვილმა გაიმარჯვა, ხოლო სამტრედიაში – 46,87%-ით “ნაციონალური მოძრაობის”კანდიდატმა აკაკი მინაშვილმა.

თერჯოლაში, გიორგი ბარათაშვილის გარდა, კენჭს იყრიდნენ “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ნონა კვახაძე, რომელსაც ხმების 33,9% ერგო, “ევროპული საქართველოს” კანდიდატი რევაზ გრძელიშვილი, რომელმაც ხმების 14,95% დააგროვა და „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი ბესიკ ტაბატაძე, რომელმაც ხმათა 0,61% მიიღო.

აკაკი მინაშვილის გარდა, სამტრედიაში კენჭს იყრიდნენ „ქართული ოცნების“ კანდიდატი რამაზ რუხაძე, რომელსაც ხმა 40,65%-მა მისცა, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატი მალხაზ ნოდია, რომელმაც ხმების 8,15% დააგროვა და „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი ზაზა ნიკოლეიშვილი, რომელსაც ხმათა 4,33% ერგო.

საკრებულოს შუალედური არჩევნები ქალაქ სამტრედიასა და თერჯოლის ძევრის თემში, ჯამში ექვს საარჩევნო უბანზე ჩატარდა.

თერჯოლასა და სამტრედიაში საკრებულოს შუალედური მაჟორიტარული არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად თერჯოლაში გამარჯვებული მანუჩარ ფანჩულიძე მერის მოადგილედ დაინიშნა, სამტრედიის საკრებულოს დეპუტატმა ლაშა რუსიამ კი უფლებამოსილება საკუთარი სურვილით შეიწყვიტა.

ორივე მათგანი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე “ქართული ოცნებიდან” იყო არჩეული.