“მრავალეროვანმა საქართველომ” საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის შედეგები შეაჯამა

825

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანმა საქართველომ“ განახორციელა 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე სამონიტორინგო პროგრამა, რომელიც მოიცავდა როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების დღისა და შემდგომი პერიოდის მონიტორინგს.

არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამა მოიცავდა 16 საარჩევნო ოლქს, კერძოდ: რუსთავის #20, გარდაბნის #21, მარნეულის #22, ბოლნისის #23, დმანისის #24, წალკის #25, თეთრიწყაროს #26, (ქვემო ქართლი), ბორჯომის #36, ახალციხის #37, ადიგენის #38, ასპინძის #39, ახალქალაქის #40, ნინოწმინდის #41, (სამცხე-ჯავახეთი), საგარეჯოს #11 (კახეთი), ასევე ისნის #5 და კრწანისის #4 (თბილისი)  საარჩევნო ოლქებს.

სამონიტორინგო პროგრამაში ჩართული იყო 190 მოკლევადიანი დამკვირვებელი, მათ შორის 132 საუბნო, 41 მობილიური ჯგუფის, 16 საოლქო საარჩევნო კომისიისა და 1 ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამკვირვებელი.

არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამის ხელშეწყობის მიზნით „მრავალეროვანი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებდა ინციდენტების ცენტრი. ინციდენტების ცენტრის ოპერატორები მუშაობდნენ საგანგებო რეჟიმში და მოკლევადიანი დამკვირვებლებისაგან იღებდნენ და ამუშავებდნენ საარჩევნო ხასიათის ინფორმაციას.

გარდა აღნიშნულისა, „მრავალეროვანისაქართველოს“ ოფისში მოქმედებდა ცხელი ხაზი, რითაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო ესარგებლა და არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამისათვის მიეწოდებინა მის ხელთ არსებული საარჩევნო ხასიათის ინფორმაცია.

არჩევნებზე დღეზე სამონიტორინგო პროგრამას სამართლებრივ მხარდაჭერას უწევდნენ პროგრამის იურისტები.

გარდა არჩევნების დღეზე დაკვირვებისა, „მრავალეროვანმა საქართველომ“ განახორციელა წინასაარჩევნო სამონიტორინგო პროგრამა 6 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით, რომელმაც მოიცვა გარდაბნის #21, მარნეულის #22, ბოლნისის #23, დმანისის #24, (ქვემო ქართლი),  ბორჯომის #36, ახალციხის #37, ადიგენის #38, ახალქალაქის #40, ნინოწმინდის #41, (სამცხე-ჯავახეთი) და საგარეჯოს #11 (კახეთი) საარჩევნო ოლქები.

“მრავალეროვანი საქართველო” 2003 წლიდან აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში არჩევნების გამჭვირვალობის ხელშეწყობისა და საარჩევნო პროცედურების ეფექტურად რეალიზების პროცესში. ორგანიზაცია მონიტორინგს უწევდა საქართველოში გამართულ ყველა არჩევნებს.

* * *

მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შესაძლებელია დავასკვნათ, რომ უბნის გახსნისა და მოწყობის, ხმის მიცემის, საარჩევნო უბნების დახურვისა და ხმის დათვლის პროცესი წარიმართა მშვიდ გარემოში, მიუხედავად გარკვეული ხარვეზების არსებობისა.

* * *

არჩევნების დღეს „მრავალეროვანი საქართველოს“ სამონიტორინგო პროგრამის ფარგლებში მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი იქნა შემდეგი ხასიათის ინციდენტები:

საარჩევნო უბნის დაგვიანებით გახსნა და არასათანადოდ მოწყობა (5 ინციდენტი)

მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, # 59 საარჩევნო უბანი დაგვიანებით გაიხსნა.

მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #59 საარჩევნო უბანი არ იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08:00 საათისათვის. კერძოდ, პირველი ამომრჩევლის მიღება განხორციელდა 09:30 საათვის.

მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის  #89 საარჩევნო უბანზე  (ყიზილაჯლო) 6:48 წუთზე უბნის კომისიის მიერ ადგილი ჰქონდა უბნის გახსნის მცდელობას. „მრავალეროვანი საქართველოს„ დამკვირვებლის  სიტყვიერი პროტესტის საფუძველზე უბანი გაიხსნა კანონით დადგენილ დროზე, კერძოდ  7 საათზე.

მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #59 საარჩევნო უბანზე არ იწარმოებოდა სადემონსტრაციო ოქმი. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის სიტყვიერი მითითების საფუძველზე ინციდენტი აღმოფხვრილ იქნა.

მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის # 59 საარჩევნო უბანზე (სოფ. იმირი) 8:14 წუთისთვის   სადემონსტრაციო ოქმში ამომრჩევლის საერთო რაოდენობასთან დაკავშირებით შესაბამისი გრაფები არ იყო შევსებული. „მრავალეროვანი საქართველოს „  დამკვირვებლის სიტყვიერი მითითების საფუძველზე, დარღვევა აღმოფხვრილი იქნა კომისიის მდივნის მიერ.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ თავიანთი ფუნქციების არაჯეროვნად შესრულება (7 ინციდენტი)

ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის, #66 საარჩევნო უბანზე ნაკადის მარეგულირებელი კომისიის წევრი არ აწესრიგებდა ამომრჩეველთა რიგს დადგენილი რეგულაციების შესაბამისად და რეგისტრატორთან აგზავნიდა ორზე მეტ ამომრჩეველს. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელის არაერთი მითითების მიუხედავად, ნაკადის მარეგულირებელი კომისიის წევრი განაგრძობდა მსგავს ქმედებას. ინცინდენტის აღმოფხვრის მიზნით „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა წარადგინა საჩივარი საუბნო საარჩევნო კომისიაში, რის შედეგადაც დარღვევა აღმოიფხვრა.

მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის #74 საარჩევნო უბანის ნაკადის მარეგულირებელი კომისიის წევრი ამომრჩევლებს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის შემოწმების გარეშე უშვებდა საარჩევნო უბანზე. მიუხედავად „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არაერთგზის გაფრთხილებისა, ნაკადის მარეგულირებელი აგრძელებდა ზემოაღნიშნულ პრაქტიკას. ინციდენტი „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ იქნა გაპროტესტებული, რითაც მოითხოვა ნაკადის მარეგულირებლის ჩანაცვლება საუბნო საარჩევნო კომისიის სხვა წევრით.

ახალციხის #37 საარჩევნო ოლქის #9 საარჩევნო უბანზე (ვალე) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი რეგისტრატორები ამომრჩევლებს ბიულეტენებს გადასცემდნენ ბეჭდისა და ხელმოწერის გარეშე. აღნიშნული ინციდენტი გაპროტესტებულ იქნა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ, რის შედეგადაც იგი აღმოიფხვრა.

ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის #11 საარჩევნო უბანზე ნაკადის მარაგულირებელმა კომისიის წევრმა,  კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით შეწყვიტა თავისი ფუნქციების შესრულება, რის გამოც რამოდენიმე ამომრჩეველი მარკირების შემოწმების გარეშე შევიდა საარჩევნო უბანზე. აღნიშნულთან დაკავშირებით „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი და დარღვევა იქნა აღმოფხვრილი.

ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის, #67 საარჩევნო უბანზე, ნაკადის მარეგულირებელი არასათანადოდ ასრულებდა უფლებამოვალეობას. „მრავალეროვანი საქართველოს„ დამკვირვებლის სიტყვიერი მითითების საფუძველზე, უბნის კომიის თავმჯდომარემ მოახდინა ნაკადის მარეგულირებლის ჩანაცვლება კომისიის სხვა წევრით.

ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის #27 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის დროს გაშლილი იყო სუფრა და კომისიის ყველა წევრი მიირთმევდა ალკოჰოლს, რამაც ხელი შეუშალა საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას. გარდა აღნიშნულისა, უმეთვალყურეოდ იყო დატოვებული ძირითადი საარჩევნო ყუთი. ინციდენტი გაპროტესტებული იქნა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ და დაიწერა საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიაში.

ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის #32 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ინციდენტი, რის შესაბამისადაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ ჩაატარა წილისყრა კომისიის წევრებს შორის მთვლელების გამოსავლენად. ფაქტი გაპროტესტებული იქნა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ, რის საფუძველზეც ინციდენტი აღმოიფხვრა.

უბანზე არაუფლებამოსილი პირის ყოფნა (3 ინციდენტი)

ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის, #62 სააჩევნო უბანზე ადგილი ქონდა ინციდენტს, რის შესაბამისადაც უბანზე დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირის ყოფნა, რაც გაპროტესტებულ იქნა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ. ინციდენტი აღმოიფხვრა. არაუფლებამოსილ პირს დაატოვებინეს საარჩევნო უბანი.

მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის  #89 საარჩევნო უბანზე  კენჭისყრის დაწყებამდე „მრავალეროვანი საქართველოს„ დამკვირვებელმა აღმოაჩინა, რომ საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ არაუფლებამისილი პირები, რის თაობაზეც მან შენიშვნა მისცა საარჩევნო უბნის კომისიის  თავმჯდომარეს და ამ უკანასკნელმა არაუფლებამოსილ პირებს  დაატოვებინა საარჩევნო უბანი.

ბოლნისის #23  საარჩევნო ოლქის #54 უბანზე დაფიქსირდა ინციდენტი, რის შესაბამისადაც ნაკადის მარეგულირებელმა საარჩევნო უბანზე დაუშვა არაუფლებამოსილი პირი, რომელიც თავისუფლად გადაადგილდებოდა საარჩევნო უბანზე. აღნიშნული ინციდენტი გაპროტესტებულ იქნა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ, რის შედეგადაც ინციდენტი აღმოიფხვრა და ნაკადის მარეგულირებელი ჩაანაცვლა საუბნო საარჩევნო კომისიის სხვა წევრმა.

ამომრჩევლისთვის ხმის მიცემის უფლების უკანონოდ შეზღუდვა (1 ინციდენტი)

ისნის #5 საარჩევნო ოლქის #2  საარჩევნო უბნის ამომრჩეველს უკანონოდ შეეზღუდა ხმის მიცემის უფლება. კერძოდ, ამომრჩეველს ამომრჩეველთა ერთიან სიაში თავის სახელის და გვარის გასწვრივ დახვდა ხელმოწერა. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ამომრჩეველს არ აღენიშნებოდა მარკირება. მიუხედავად აღნიშნულისა, მას არ აძლევდნენ ხმის მიცემის უფლებას. აღნიშნულთან დაკავშირებით „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი, რის საფუძველზეც ინციდენტი აღმოიფხვრა და ამომრჩეველს მიეცა კენჭირყრაში მონაწილეობის უფლება.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შორის ფუნქციების განაწილების პროცედურების დარღვევა (7 ინციდენტი)

ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის, #62 სააჩევნო უბანზე არ ჩატარდა წილისყრა კომისიის წევრთა შორის ფუნქციების გადასანაწილებლად. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი, რის საფუძველზეც დარღვევა აღმოფხვრილ იქნა.

ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის, #69 საარჩევნო უბანზე ჩანაწერთა წიგნში კომისიის მდივნის მიერ არ იქნა შეტანილი ინფორმაცია კომისიის წევრთა შორის ფუნქციების გადანაწილების შესახებ. აღნიშნული ინციდენტი გაპროტესტდა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ, დაიწერა შესაბამისი საჩივარი, რის შედეგადაც ინციდენტი აღმოიფხვრა და ჩანაწერთა წიგნში შეტანილ იქნა შესაბამისი ინფორმაცია.

ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის, #10 საარჩევნო უბანზე ჩანაწერთა წიგნში არ იქნა შეტანილი ინფორმაცია კომისიის წერვრთა შორის ფუნქციების დროებით შეცვლის თაობაზე. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე ინციდენტი აღმოფხვრილ იქნა.

მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის #89 საარჩევნო უბნის (ყიზილაჯლო) გახსნის შემდეგ კომისიის წევრთა შორის ფუნქციების განაწილების წილისყრა ჩატარდა წესების დარღვევით. „მრავალეროვანი საქართველოს„ დამკვირვებლის  სიტყვიერი პროტესტის საფუძველზე ინციდენტი აღმოიფხვრა და წილისყრა ჩატარდა ხელმეორედ.

ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის #01 და #37 საარჩევნო უბნებზე პოლიტიკური პარტია „ერთნიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საარჩევნო კომისიაში დანიშნულმა კომისიის წევრებმა წილისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი.

ნინოწმინდის #41 საარჩევნო ოლქის #37 საარჩევნო უბანზე პოლიტიკური პარტია „ერთნიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საუბნო საარჩევნო კომისიაში დანიშნულმა კომისიის წევრებმა უარი განაცხადეს კომისიის წევრთა შორის ფუნქციების გადასანაწილებლად წილისყრაში მონაწილეობაზე. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი.

მარკირების წესის დარღვევა (1 ინციდენტი)

ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის, #10 საარჩევნო უბანზე ნაკადის მარეგულირებელი ამომრჩეველს უკეთებდა მარკირებას, რაც კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული. ინციდენტი გაპროტესტდა დამკვირვებლის მიერ, რის შედეგადაც აღმოფხვრილ იქნა.

ხმის მიცემა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე (1 ინციდენტი)

ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის #49 საარჩევნო უბნის კომისიის ნაკადის მარეგულირებლი ამომრჩევლებს პირადობის დამადასტურებელი  დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე უშვებდა საარჩევნო უბანზე, რის შემდგომაც ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას იღებდნენ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე. აღნიშნული ინციდენტი გაპროტესტებული იქნა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ, რის შესაბამისადაც დაიწერა საჩივარი.

ვადაგასული პირადობის დამადასტურებელი მოწმობით ხმის მიცემის მცდელობა (1 ინციდენტი)

გარდაბნის #21 სარჩევნო ოლქის  #60 საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მხრიდან ვადაგასული პირადობის დამადასტურებელი მოწმობით ხმის მიცემის მცდელობას. აღნიშნული ფაქტი სიტყვიერად გააპროტესტა  „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა, რის შედეგადაც ინციდენტი აღმოიფხვრა (ამომრჩეველმა დატოვა უბანი).

აგიტაციის წარმოება საარჩევნო უბანზე (2 ინციდენტი)

ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის  #42 საარჩევნო უბნის შესასვლელთან სააგიტაციო მასალით იმყოფებოდნენ პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, კერძოდ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი აქტივისტები. „მრავალეროვანი საქართველოს„ დამკვირვებლის სიტყვიერი მოთხოვნის საფუძველზე  ინციდენტი აღმოფხვრილ იქნა, რის შესაბამისადაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ აქტივისტებს დაატოვებინა საარჩევნო უბანი.

მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #59 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა აგიტაციის ინციდენტი. კერძოდ იდენტიფიცირებულ იქნა პირი, რომელსაც ეცვა პრეზიდენტობის ერთერთი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი მაისური. ინციდენტი აღმოფხვრილ იქნა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის სიტყვიერი მითითების საფუძველზე, რის შედეგადაც ზემოაღნიშნულ პირს დაატოვებინეს საარჩევნო უბანი.

დამკვირვებლისათვის უფლების შეზღუდვა (4 ინციდენტი)

ნინოწმინდის #41 საარჩევნო ოლქის #26 საარჩევნო უბანზე (სოფ. ოროჯალარი) ადგილი ჰქონდა დამკვირვებლის კანონით დადგენილი უფლების შეზღუდვას. კერძოდ, „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელს მოსთხოვეს პირადობისა და  დამკვირვებლის რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობების წარდგენა. დამკვირვებლის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენის შემდგომ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნულმა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა განაცხადა, რომ დოკუმენტაცია ყალბია და უარი განაცხადა დამკვირვებლისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის უკან დაბრუნებაზე. აღნიშნულის თაობაზე „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელის მიერ გაცხადებულ სიტყვიერ პროტესტს კომისიის წევრის მხრიდან უხეში რეაგირება მოჰყვა (არაკორექტული ფორმით დამკვირვებლისათვის დოკუმენტაციის უკან დაბრუნება). ინციდენტში ჩაერთო საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეც, თუმცა მისი აღმოფხვრა ვერ მოხერხდა. ინციდენტთან დაკავშირებით საუბნო საარჩევნო კომისიაშ დაიწერა საჩივარი.

ისნის #5 საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანზე ადგილი ქონდა დამკვირვებლის კანონით დადგენილი უფლების შეზღუდვას. კერძოდ, მას არ მიეცა სადემონსტრაციო ოქმისათვის ფოტოს გადაღების უფლება. ინციდენტის საფუძველზე  „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი.

მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #74 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ინციდენტი, რის შესაბამისადაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელს არ უშვებდა საარჩევნო უბანზე. დამკვირვებლის სიტყვიერი პროტესტის საფუძველზე ინციდენტი აღმოფხვრილ იქნა და იგი დაუშვეს საარჩევნო უბანზე.

მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის #49 საარჩევნო უბანი არ იყო სათანადოდ მოწყობილი ხმის დათვლისთვის. ასევე, დამკვირვებელს შეეზღუდა ჩანაწერის გაკეთების შესაძლებლობა ჩანაწერთა წიგნში. გარდა აღნიშნულისა, კომისიის თავმჯდომარის მოადგილის მხრიდან დაფიქსირდა მუქარა როგორც „მრავალეროვანი საქართველოს“, ასევე საიას დამკვირვებლის მიმართ, რომელზეც ასევე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა (ხელი ჰკრეს). ინციდენტი გაპროტესტებულ იქნა „მრავალეროვანი საქართველოს“ მიერ, დაიწერა საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიაში.

კენჭისყრის პროცესის უკანონოდ შეჩერება (1 ინციდენტი)

ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის #70 საარჩევნო უბანი 08:42 წუთზე დაიკეტა კომისიის წევრების მიერ შესვენების მიზნით და შესაბამისად რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეეზღუდათ ხმის მიცემის უფლება. აღნიშნული ინციდენტი გაპროტესტებულ იქნა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ, რის შედეგადაც იგი აღმოიფხვრა -კომისიის თავმჯდომარემ უბანი გახსნა ამომრჩევლების მისაღებად.

ძალადობა (3 ინციდენტი)

მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის #59 საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე ადგილი ქონდა დაპირისპირებას (ჩხუბს) პრეზიდენტობის კანდიდატების მხარდამჭერებს შორის. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით „მრავალეროვანი საქართველოს„ დამკვირვებელმა სათნადო რეაგირების მოხდენის მიზნით მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. ინციდენტის თაობაზე ორგანიზაციის ცენტრალურმა ოფისმა ასევე აცნობა შსს-ს წარმომადგენელს ნინო ცაციაშვილს, რის შედეგადაც ხსენებულმა უწყებამ ინციდენტი აიყვანა კონტროლზე.

ბოლნისის #23 საარჩევნო ოლქის #54 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ისინი გააძევა საარჩევნო უბნიდან. მიუხედავად აღნიშნულისა, დაპირისპირება 20-25 პირს შორის გაგრძელდა უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე. სიტუაციის ჩაცხრობის მიზნით საარჩევნო უბნიდან გავიდა კომისიის ერთ-ერთი წევრი, თუმცა უშედეგოდ. გამოძახებულ იქნა პატრული და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რის შედეგადაც საარჩევნო უბანზე აღდგა წესრიგი.

ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის კომისიის თავმჯდომარისა და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნულ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს შორის ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას. ინციდენტში მონაწილე ორივე პირის მიერ გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია, რამაც გარკვეული დროით შეაფერხა საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობა.

გადასატანი საარჩევნო ყუთის ხმის მიცემის პროცედურების დარღვევა (2 ინციდენტი)

მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის #50 საარჩევნო უბნის (ყიზილაჯლო) გადასატანი საარჩევნო ყუთის კომისიის წევრები უბნიდან ყუთის გატანის შემდგომ, შესვენების მიზნით უბანზე დაბრუნდენ გადასატანი ყუთის გარეშე. კომისიის წევრთა ახსნა-განმარტების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ მათ გადასატანი ყუთი დატოვეს ავტომობილში. აღნიშნული ფაქტი გააპროტესტა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა, რის შედეგადაც გადასატანი საარჩევნო ყუთის კომისიის წევრები უკან გაბრუნდნენ, რათა გაეგრძელებინათ გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პროცესი.

მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის #48 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ინციდენტი, რის შესაბამისადაც გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანზე დაულუქავ მდგომარეობაში დაბრუნდა. ინციდენტის თაობაზე „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებში.

საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის არასათანადოდ შედგენა (2 ინციდენტი)

ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის #13 საარჩევნო უბანზე საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმში დაფიქსირდა საარჩევნო სუბიექტებისთვის გათვალისწინებულ გრაფებში მონაცემების გადასწორება. ამასთან, ოქმს თან არ ერთო შესწორების ოქმი. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშრებით დაიწერა საჩივარი შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის #4 საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმში ბალანსი არ დადგა. კერძოდ, ამომრჩეველთა ყველა სახის სიაში ხელმოწერების მიხედვით კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა 6-ით ნაკლები იყო საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმებისა და ბათილად ცნობილი ბიულეტენების ჯამზე. აღნიშნულ ინციდენტთან მიმართებაში შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში დაიწერა საჩივარი.

სულ სადამკვირვებლო პროგრამის ფარგლებში „მრავალეროვანი საქართველოს“ მიერ დაფიქსირდა 40 ინციდენტი, მათ შორის:

  • საარჩევნო უბნის დაგვიანებით გახსნა და არასათანადოდ მოწყობა (5 ინციდენტი)
  • საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ თავიანთი ფუნქციების არაჯეროვნად შესრულება (7 ინციდენტი)
  • უბანზე არაუფლებამოსილი პირის ყოფნა (3 ინციდენტი)
  • ამომრჩევლისთვის ხმის მიცემის უფლების უკანონოდ შეზღუდვა (1 ინციდენტი)
  • საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შორის ფუნქციების განაწილების პროცედურების დარღვევა (7 ინციდენტი)
  • მარკირების წესის დარღვევა (1 ინციდენტი)
  • ხმის მიცემა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე (1 ინციდენტი)
  • ვადაგასული პირადობის დამადასტურებელი მოწმობით ხმის მიცემის მცდელობა (1 ინციდენტი)
  • აგიტაციის წარმოება საარჩევნო უბანზე (2 ინციდენტი)
  • დამკვირვებლისათვის უფლების შეზღუდვა (4 ინციდენტი)
  • კენჭისყრის პროცესის უკანონოდ შეჩერება (1 ინციდენტი)
  • ძალადობა (3 ინციდენტი)
  • გადასატანი საარჩევნო ყუთის ხმის მიცემის პროცედურების დარღვევა (2 ინციდენტი)
  • შემაჯამებელი ოქმის არასათანადოდ შედგენა (2 ინციდენტი)

ასევე დაიწერა 13 საჩივარი, რომელთაგან 7 ასევე შეტანილ იქნა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში.

რაც შეეხება ინციდენტებზე საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ გაკეთებულ რეაგირებას, უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ „მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ გაკეთებული სიტყვიერი შენიშვნების უმრავლესობა აღმოფხვრილ იქნა გონივრულ ვადებაში. ხოლო იმ ინციდენტებზე, რომელთა აღმოფხვრაც არ მოხდა, დაიწერა შესაბამისი საჩივრები.

„მრავალეროვანი საქართველო“ განაგრძობს საარჩევნო ოლქებში არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგს, რომლის ფარგლებშიც დაკვირვება განხორციელდება ორგანიზაციის მიერ  დაწერილი საჩივრების განხილვების პროცესზე.

არჩევნების დღის წინასწარი შეფასება

არჩევნების დღეს „მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შესაძლებელია დავასკვნათ, რომ რუსთავის #20, გარდაბნის #21, მარნეულის #22, ბოლნისის #23, დმანისის #24, წალკის #25, თეთრიწყაროს #26, (ქვემო ქართლი), ბორჯომის #36, ახალციხის #37, ადიგენის #38, ასპინძის #39, ახალქალაქის #40, ნინოწმინდის #41, (სამცხე-ჯავახეთი), საგარეჯოს #11 (კახეთი), ასევე ისნის #5 და კრწანისის #4 (თბილისი) საარჩევნო ოლქებში საპრეზიდენტო არჩევნები ძირითადად ჩატარდა მშვიდ, სამართლიან და კონკურენტუნარიან გარემოში.

მიუხედავად აღნიშნულისა, რიგ საარჩევნო უბნებზე ადგილი ჰქონდა მცირედი ხასიათის საარჩევნო ხარვეზებს, რაც ვერ იქონიებს გავლენას არჩევნების საბოლოო შედეგებზე.

აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ „მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიან დამკვირვებელთა აბსოლუტურ უმრავლესობას საშუალება მიეცა თავისუფლად განეხორციელებინა დაკვირვება უბნის გახსნისა და მოწყობის, კენჭისყრის მიმდინარეობის, უბნის დახურვისა და შედეგების შეჯამების პროცესის თითოეულ ეტაპზე.

გარდა აღნიშნულისა, არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამის ფარგლებში გამოვლინდა სხვა სახის ტენდეციები, მათ შორის ნიშანდობლივია, რომ 132 საარჩევნო უბანზე, სადაც ორგანიზაცია ახორციელებდა დაკვირვებას:

  • საუბნო საარჩევნო კომისიის 931 წევრი იყო ქალბატონი (საშუალოდ 7)
  • 67 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გახლდათ ქალბატონი (50,8%)
  • საუბნო საარჩევნო კომისიის 696 წევრი მიეკუთვნებოდა ეთნიკურ უმცირესობებს (საშუალოდ 5)
  • საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი თანამდებობა (მდივანი ან თავმჯდომარე) ეკავა ეთნიკურ უმცირესობას მიკუთვნებულ 67 პირს (50,8%).

არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის (NED) ფინანსური მხარდაჭერით.

განცხადების შინაარსზე პასუხისმგებელია საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ და იგი შესაძლოა არ ასახავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებსა და მოსაზრებებს.