ხმების პარალელური დათვლის შედეგებით, ზურაბიშვილმა 37.6%, ვაშაძემ კი 38.5% დააგროვეს

1402

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ  46.6% შეადგინა (+/- 0.8%-იანი სანდოობის ინტერვალით), რაც 2013 წლის  საპრეზიდენტო ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებლის მსგავსია.

საარჩევნო უბნების 0.6%-ზე დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირების ყოფნის ფაქტები.

არჩევნების დღის მიმდინარეობის თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, „სამართლიანი არჩევნები“ დარწმუნებულია ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგად დაფიქსირებულ შედეგებში. „სამართლიანმა არჩევნებმა“ მიიღო ინფორმაცია მისი დამკვირვებლების 99.0%-ისგან.

წარმოგიდგენთ 7 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მონაცემებს PVT-ის შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი უბნების 99.0%-დან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ყოველი შედეგისთვის ცდომილების ზღვარი მითითებულია ცხრილში და ის გამოთვლილია 95%-იანი სანდოობის ინტერვალით.

კანდიდატი გამოთვლილი პროცენტი ცდომილების ხარისხი მინიმალური შედეგი მაქსიმალური შედეგი
#5 გრიგოლ ვაშაძე 38.5% 1.0% 37.5% 39.5%
#48 სალომე ზურაბიშვილი 37.6% 0.9% 36.7% 38.5%
#2 დავით ბაქრაძე 11.0% 0.5% 10.5% 11.5%
#10 შალვა ნათელაშვილი 3.8% 0.2% 3.6% 4.0%
#25 დავით უსუფაშვილი 2.3% 0.2% 2.1% 2.5%
#36 ზურაბ ჯაფარიძე 2.2% 0.2% 2.0% 2.4%
#21 კახა კუკავა 1.3% 0.1% 1.2% 1.4%

ყველა სხვა კანდიდატის შედეგი 1%-ზე ნაკლებია.

ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგების საფუძველზე, „სამართლიან არჩევნებს“ შეუძლია დარწმუნებით განაცხადოს, რომ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში 50%+1 ბარიერი არცერთ კანდიდატს გადაულახავს. შესაბამისად, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული მეორე ტურში გამოვლინდება, ხოლო მეორე ტური გაიმართება გრიგოლ ვაშაძესა და სალომე ზურაბიშვილს შორის.

აღსანიშნავია, რომ გრიგოლ ვაშაძის მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი მერყეობს 37.5%-სა და 39.5%-ს შორის, ხოლო სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი – 36.7%-სა და 38.5% ინტერვალშია. სტატისტიკურად, თანაბარი ალბათობით არის შესაძლებელი, რომ შედეგი იყოს ინტერვალის ნებისმიერ წერტილში. იმის გათვალისწინებით, რომ ორი კანდიდატის შედეგების ინტერვალები ერთმანეთს კვეთს, „სამართლიან არჩევნებს“ არ შეუძლია დარწმუნებით თქვას, თუ რომელი კანდიდატი არის პირველ ადგილზე და რომელი მეორეზე.

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბათილად ცნობილი ბიულეტენთა პროცენტული მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით შეადგენს 3.2% (+/- 0.2%-ანი სანდოობის ინტერვალით). ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია 2013 წლის საპრეზიდენტო მონაცემთან შედარებით (1.8%).

„სამართლიანი არჩევნების“ PVT მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ხმის დათვლის პროცესი უმეტესწილად საარჩევნო პროცედურების დაცვით მიმდინარეობდა. კენჭისყრის პროცესის მსგავსად, ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესში დაფიქსირდა რიგი დარღვევები, როგორიცაა შემაჯამებელი ოქმის არასათანადოდ შედგენა, დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა, ბიულეტენებისა და ხელმოწერების რაოდენობას შორის დისბალანსი, დოკუმენტების დალუქვის წესის დარღვევა. ცალკეულ უბნებზე ბიულეტენები, რომლებზეც ამომრჩევლის ნება იკვეთებოდა, არასწორად გააბათილეს.

ამ დროისთვის „სამართლიან არჩევნებს“ 73 საჩივარი წარდგენილი აქვს საუბნო კომისიებში, ხოლო 82 საოლქო საარჩევნო კომისიებში.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს მთელ საქართველოს ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში აკვირდებოდა. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგებოდა 800 საუბნო, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 78 მობილური ჯგუფისგან. არჩევნების დღეს, ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებდა 15 ოპერატორისა და 10 იურისტისაგან დაკომპლექტებული მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები. „სამართლიანი არჩევნები“ მადლობას უხდის სადამკვირვებლო მისიაში ჩართულ თითოეულ დამკვირვებელს.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს „სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით აკვირდებოდა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ დროულად აღმოვაჩინოთ დარღვევები, სისტემურად შევაფასოთ არჩევნების დღის პროცესი და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე.

ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევენების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:

დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა:

  • #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #36 საარჩევნო უბანზე კომისიის მდივანმა დამკვირვებელს არ გააკეთებინა შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში.
  • #49 თერჯოლის საოლქო კომისიაში, კომისიის წევრები იმყოფებოდნენ კომისიის თავმჯდომარის ოთახში, საიდანაც ისმოდა ჩხუბის და ყვირილის ხმა. დამკვირვებელს არ ჰქონდა შესაძლებლობა დაკვირვებოდა პროცესს და გაეგო თუ რახდება, ვინაიდან მას თავმჯდომარის ოთახში არ უშვებდნენ და პროცესი არ იყო გამჭვირვალე.

ბიულეტენების მეტობა ხელმოწერების რაოდენობაზე:

  • #9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #21 საარჩევნო უბანზე, #80 ქედის საარჩევნო ოლქის #29 საარჩევნო უბანზე, #7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბანზე და #37 ახალციხის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანზე ბიულეტენების რაოდენობა ერთით მეტი აღმოჩნდა ხელმოწერების რაოდენობაზე.
  • ბერლინის #13 საარჩევნო უბანზე ბიულეტენების რაოდენობა ერთით მეტი იყო ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე.

დოკუმენტაციის არასათანადოდ დალუქვა:

  • #4 კრწანისის საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე გამოუყენებელი და გაფუჭებული ბიულეტენები ერთად დალუქეს.
  • #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბაზე გამოუყენებელი ბიულეტენები ისე დაილუქა რომ არ ჩამოეჭრა კუთხე.

ბიულეტენთან დაკავშირებული პროცედურების დარღვევა:

  • #37 ახალციხის საარჩევნო ოლქის #34 საარჩევნო უბანზე ბათილად ცნეს ორი ბიულეტენი, რომელზეც იკითხებოდა ამომრჩევლის ნება.
  • #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #48 საარჩევნო 30-მდე ბიულეტენი, რომელზეც გამოხატული იყო ამომრჩევლის ნება ბათილად იქნა ცნობილი.
  • #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #15 საარჩევნო უბანზე 3 ბიულეტენი, რომელზეც იკვეთებოდა ამომრჩევლის ნება ბათილად ცნეს.
  • #12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბანზე 12 ბიულეტენი არ იყო დამოწმებული რეგისტრატორების ხელმოწერით.

სიაში ხელმოწერებთან დაკავშირებული დარღვევები

  • #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #43 საარჩევნო უბაზე ამომრჩეველს არასწორად მოაწერიეს ხელი ნათესავის ნაცვლად.

შემაჯამებელი ოქმის არასათანადოდ შედგენა:

  • #49 თერჯოლის საარჩევნო ოლქის #32 საარჩევნო უბანზე შემაჯამებელი ოქმის მიხედვით ხელმოწერების რაოდენობა შეადგენს 477-ს, ხოლო გაცემული ბიულეტენების რაოდენობა 475-ს. თუმცა, არსებობს რეგისტრატორის ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვითაც მან ამომრჩეველზე გასცა 1-ით მეტი ბიულეტენი. აღნიშნული ახნა-განმარტება და კენჭისყრის შედეგები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის.
  • #37 ახალციხის საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე შედგენილი შემაჯამებელი ოქმი არ იყო დამოწმებული საარჩევნო კომისიის ბეჭდით.
  • #35 ხაშურის საარჩევნო ოლქის #40 საარჩევნო უბანზე შედგენილ შემაჯამებელ ოქმში არა არის მითითებული შედგენის თარიღი და დრო და არ არის დამოწმებული ბეჭდით.
  • #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #16 საარჩევნო უბანზე შედგენილ შემაჯამებელ ოქმში მონაცემები არასწორადა არის მითითებული, კერძოდ, ბათილი ბიულეტების რაოდენობა – 23 მითითებულია ასევე ერთ-ერთი კანდიდატის (თემურ შაშიაშვილის) გრაფაში, ხოლო თემურ შაშიაშვილის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა (35) კი სხვა კანდიდატის გრაფაში.

დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება:

  • #8 დიდუბის საარჩევნო ოლქის #5, #14, #36, #45 და #46 საარჩევნო უბნებზე საკონტროლო ფურცელს არ ჰქონდა კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერა, რაც გამოვლინდა მასალების ოლქში გადაცემის შემდეგ.
  • #8 დიდუბის საარჩევნო ოლქის #4 საარჩევნო უბნიდან ოლქში გადაცემულ მასალებში არ იყო სარეგისტრაციო ჟურნალი.

სიტყვიერი დაპირისპირება

  • იქიდან გამომდინარე, რომ დიდუბის #8 საოლქო საარჩევნო კომისიაში მიტანილი მასალები არასათანადოდ იყო დალუქული და/ან დოკუმენტაცია აკლდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებსა და კომისიის წევრებს შორის მოხდა დაპირისპირება, რაშიც, სავარაუდოდ, ჩაერთვნენ ასევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები/აქტივისტები. საოლქო კომისიაში საპატრულო პოლიცია გამოძახეს.
  • სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი ასევე ახალქალაქის #40 საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც სამართალდამცველები გამოიძახეს, მას შემდეგ რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებსა და კომისიის თავმჯდომარესა და წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა.