“მრავალეროვანი საქართველო”: ბოლნისის 54-ე უბანზე სხვადასხვა პარტიის წევრებმა იჩხუბეს

705

ამ დრომდე „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 31 ინციდენტი, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიებში დაიწერა 8 საჩივარი, რომელთაგან 2 ასევე შეტანილ იქნა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში.

ძალადობა

ბოლნისის #23 საარჩევნო ოლქის #54 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ისინი გააძევა საარჩევნო უბნიდან. მიუხედავად აღნიშნულისა, დაპირისპირება 20-25 პირს შორის გაგრძელდა უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე. სიტუაციის ჩაცხრობის მიზნით საარჩევნო უბნიდან გავიდა კომისიის ერთ-ერთი წევრი, თუმცა უშედეგოდ. გამოძახებულ იქნა პატრული და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რის შედეგადაც საარჩევნო უბანზე აღდგა წესრიგი.

ამომრჩევლისთვის ხმის მიცემის უფლების უკანონოდ შეზღუდვა

ისნის #5 საარჩევნო ოლქის #2  საარჩევნო უბნის ამომრჩეველს უკანონოდ შეეზღუდა ხმის მიცემის უფლება. კერძოდ, ამომრჩეველს ამომრჩეველთა ერთიან სიაში თავის სახელის და გვარის გასწვრივ დახვდა ხელმოწერა. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ამომრჩეველს არ აღენიშნებოდა მარკირება. მიუხედავად აღნიშნულისა, მას არ აძლევდნენ ხმის მიცემის უფლებას. აღნიშნულთან დაკავშირებით „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი, რის საფუძველზეც ინციდენტი აღმოიფხვრა და ამომრჩეველს მიეცა კენჭირყრაში მონაწილეობის უფლება.

უბანზე არაუფლებამოსილი პირის ყოფნა

ბოლნისის #23  საარჩევნო ოლქის #54 უბანზე დაფიქსირდა ინციდენტი, რის შესაბამისადაც ნაკადის მარეგულირებელმა საარჩევნო უბანზე დაუშვა არაუფლებამოსილი პირი, რომელიც თავისუფლად გადაადგილდებოდა საარჩევნო უბანზე. აღნიშნული ინციდენტი გაპროტესტებულ იქნა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ, რის შედეგადაც ინციდენტი აღმოიფხვრა და ნაკადის მარეგულირებელი ჩაანაცვლა საუბნო საარჩევნო კომისიის სხვა წევრმა.

სხვა დარღვევები

მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის #50 საარჩევნო უბნის (ყიზილაჯლო) გადასატანი საარჩევნო ყუთის კომისიის წევრები უბნიდან ყუთის გატანის შემდგომ, შესვენების მიზნით უბანზე დაბრუნდენ გადასატანი ყუთის გარეშე. კომისიის წევრთა ახსნა-განმარტების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ მათ გადასატანი ყუთი დატოვეს ავტომობილში. აღნიშნული ფაქტი გააპროტესტა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა, რის შედეგადაც გადასატანი საარჩევნო ყუთის კომისიის წევრები უკან გაბრუნდნენ, რათა გაეგრძელებინათ გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პროცესი.

2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე სამონიტორინგო პროგრამის ფარგლებში, “მრავალეროვანმა საქართველომ” დაასრულა წინასაარჩევნო პროცესზე სამონიტორინგო საქმიანობა 6 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით, რომელმაც მოიცვა გარდაბნის #21, მარნეულის #22, ბოლნისის #23, დმანისის #24, (ქვემო ქართლი),  ბორჯომის #36, ახალციხის #37, ადიგენის #38, ახალქალაქის #40, ნინოწმინდის #41, (სამცხე-ჯავახეთი) და საგარეჯოს #11 (კახეთი) საარჩევნო ოლქები.

“მრავალეროვანი საქართველო” 2003 წლიდან აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში არჩევნების გამჭვირვალობის ხელშეწყობისა და საარჩევნო პროცედურების ეფექტურად რეალიზების პროცესში. ორგანიზაცია მონიტორინგს უწევდა საქართველოში გამართულ ყველა არჩევნებს.

არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის (NED) ფინანსური მხარდაჭერით.