პროექტის საჯარო განხილვას ახალციხის სოფელ კლდეში მხოლოდ ორი ადამიანი ესწრებოდა

1482

ახალციხეში, სოფელ კლდეში, წყალტუბო-ახალციხის ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის საჯარო განხილვას ორი კაცი, მერის წარმომადგენელი და მერიის იურისტი ესწრებოდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ საჯარო განხილვის შესახებ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

500 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის პრეზენტაცია სოფელ კლდის ადმინისტრაციულ შენობაში გუშინ 25 ოქტომბერს, 18:00 საათზე მხოლოდ ორი კაცისთვის გაიმართა. პროექტი გარემოს დაცვის სამინისტროს, ასევე, მშენებელი სააქციო საზოგადოება “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომლებმა კლდეში მერის წარმომადგენელს დავით პაპუაშვილს და მერიის იურისტს დავით სამხარაძეს გააცნეს.

პაპუაშვილი ამბობს, რომ მოსახლეობა ინფორმირებული იყო და საჯარო განხილვის შესახებ მან განცხადება სოფლის ცენტრშიც გამოაკრა: “ალბათ იმიტომ არ მოვიდნენ, რომ ახლა საქონელი ჰყავთ მოსავლელი და შეხვედრისთვის არ სცალიათ. კიდევ ჩატარდება მათთან შეხვედრები და პროექტს რა თქმა უნდა გავაცნობთ“.

შეხვედრის მიმდინარეობისას, ადმინისტრაციული შენობიდან რამდენიმე მეტრში, სოფლის „ბირჟაზე“ მსხდომმა ადგილობრივებმა გამოცემას უთხრეს, რომ მათ საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ: “არ ვიცით რა შეხვედრაა, აქ ვიჯდებოდით თუ იქ რა მნიშვნელობა ჰქონდა“.

მათ დაგვიდასტურეს, რომ ცენტრში განცხადება ელექტრეგადამცემი ხაზის მშენებლობის შესახებ გამოკრული იყო, თუმცა იქ განხილვის შესახებ არაფერი ეწერა: “მარტო ის ეწერა პროექტი კეთდება და თუ ვინმეს გაინტერესებთ ამა და ამ ნომერზე დარეკეთო. ტელეფონოს ნომერიც იყო მითითებული“.

“სამხრეთის კარიბჭემ“ სოფელში გამოკრული განცხადება ვერ ნახა, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გამოცემას უთხრეს, რომ ის ვიღაცამ ჩამოხია.

პრეოქტის საჯარო განხილვები 22, 23, 24 და 25 ოქტომბერს ახალციხისა და ადიგენის ათამდე სოფელში გაიმართა.

პროექტის მიხედვით, 500 კვ ძაბვის ორჯაჭვა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „წყალტუბო – ახალციხეს“ ელექტროგადამცემი ხაზის მარშრუტის სამი ალტერნატიული მიმართულებაა განსაზღვრული. სამივე შემთხვევაში ახალციხის და ადიგენის ტერიტორიაზე მოსახლეობის განსახლების რისკი არ არსებობს, თუმცა კონკრეტულად რომელ დასახლებებთან გავილის ხაზი ეს ზუსტად გაწერილი არ არის.

პირველი ალტერნატიული ვარიანტის შემთხვევაში ელექტროგადამცემი ხაზის სიგრძე, დაახლოებით, 103 კმ იქნება. პროექტის მიხედვით, ელექტროგადამცემი ხაზი სამხრეთ ფერდობზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების მიმდებარე ტერიტორიებზე დაეშვება და აქედან კი ახალციხეში ქვესადგურ „ახალციხე 500–მდე“ გაგრძელდება.

მეორე ალტერნატიული ვარიანტის შემთხვევაში ხაზის სიგრძე, დაახლოებით, 76 კმ იქნება. ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის ქუთაისი-ბაღდადი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზას გამოიყენებენ, თუმცა, ანძებთან მისასვლელად გზების მოწყობა მაინც გახდება საჭირო.

ხოლო მესამე ალტერნატიული პროექტი მესამე ალტერნატიული ვარიანტის შემთხვევაში, ხაზის სიგრძე დაახლოებით 63 კმ–ია. ხაზი მესხეთის ქედის სამხრეთ ფერდობიდან იწყება და პირდაპირ ჩადის ქვესადგურ „ახალციხე 500–ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაშიც ელექტროძაბვის გადამცემი ხაზი ახლოს გაივლის ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკთან.