“გუბერნატორებს თვითმმართველობებში ჩარევის უფლება არ აქვთ”- შეფასებები პრემიერის განცხადებაზე

წინა სტატია

სტატია მომზადებულია “სამხრეთის კარიბჭის” მიერ

ავტორი: ავთო ინასარიძე

პრემიერმა განაცხადა, რომ გარკვეულ მუნიციპალიტეტებში მენეჯმენტის სტანდარტით უკმაყოფილოა და გამოსავალს გუბერნატორების აქტიურ მუშაობაში ხედავს. თვითმმართველობის საკითხების ექსპერტები კი ამბობენ, რომ გუბერნატორების თვითმმართველობების საქმიანობაში ჩარევა კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

“გარკვეულ მუნიციპალიტეტებში მენეჯმენტის სტანდარტით უკამყოფილო ვარ. ახალი გუბერნატორები გვყავს, რომლებიც ძალიან აქტიურად მუშაობენ და ბუნებრივია ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვგეგმავთ, რათა ზოგადად, ეს სისტემა იყოს უფრო ეფექტური და გადაწყვეტილების მიღება აისახოს რაც შეიძლება მოკლე ვადაში თითოეულ მოქალაქეზე“, – განაცხადა  პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილი ამბობს, რომ გუბერნატორს თვითმმართველობის საქმიანობაში ჩარევის არანაირი უფლებამოსილება არ აქვს: “გასაკვირია გუბერნატორმა როგორ უნდა გამოასწოროს თვითმმართველობის მენეჯმენტი, გუბერნატორის თვითმმართველობაში რაიმე ფორმით ჩარევა არის არასწორი. თუ მთავრობა რამით უკმაყოფილოა, პარტიამ საკუთარ საკადრო პოლიტიკას უნდა გადახედოს. ჩემი აზრით ეს განცხადება მიანიშნებს, იმაზე, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალას ჯერ კიდევ არ აქვს ჩამოყალიბებული მკაფიო პოზიცია, თუ რას წარმოადგენს თვითმმართველობა. ეს განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს არსებულ კანონმდებლობასაც“.

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატ მესხთა კავშირის“ დირექტორი გია ანდღულაძე ამბობს, რომ თვითმმართველობების გაძლიერება მათი უფლებამოსილებების გაზრდითაა შესაძლებელი და არა გუბერნატორების მათ საქმიანობაში ჩარევით: “არ გამოვრიცხავ, რომ პრემიერ მინისტრის განცხადება თვითმმართველობების არაეფექტურ მუშაობასთან დაკავშირებით, რეგიონებში მოსახლეობის უკმაყოფილების დაშოშმინებას ემსახურებოდეს. კარგია თუ პრემიერს ნამდვილად არ მოსწონს ზოგიერთი მერის მუშაობა. ამის შესაცვლელად თვითმმართველობების სრული დეცენტრალიზაციაა საჭირო, ასევე ქონების მათთვის გადაცემა და გადასახადების მუნიციპალიტეტებში დატოვება“.

სამცხე–ჯავახეთში მერების ნაწილი ბახტაძის განცხადების შეფასებისგან თავს იკავებს. ნაწილი კი ფიქრობს, რომ გუბერნატორის მათ მუშაობაში ჩარევა, მუნიციპალიტეტის განვითარებას მნიშვნელოვნად წაადგება.

“მაგ განცხადებას არ გავცნობივარ, საჭესთან ვარ და ვერაფერს გეტყვით“, – ამბობს ასპინძის მერი როსტომ მაგრაქველიძე.

მოუცლელობით განცხადების შეფასებაზე უარი გვითხრა ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემაც.

“გუბერნატორი თვითმმართველობებს საკუთარი საქმიანობით ისედაც ეხმარება. ყველამ თავის საქმე კეთილსინდისიერად უნდა გააკეთოს, გუბერნატორი კოორდინატორია და ეს ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ისედაც დახმარებაა“, – ამბობს ახალქალაქის მერი იური უნანიანი.

გუბერნატორის თვითმმართველობის საქმიანობაში მონაწილეობას მიესალმება ადიგენის მერი ზაქარია ენდელაძე: „ვფიქრობ, რომ გუბერნატორი არის რეგიონის პირველი პირი და მისი ჩარევა ნებისმიერ პროცესს უფრო ეფექტურს გახდის“.

რას ფიქრობს პრემიერის განცხადებაზე სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი უცნობია. გუბერნატორის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ იგი ქალაქში არ იმყოფება.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ პრემიერს არ დაუკონკრეტებია თუ რომელი მუნიციპალიტეტების მუშაობით არის უკმაყოფილო.

მსგავსი სიახლეები