ხულოს ყოფილმა მერმა მუშაობა შემოსავლების სამსახურში დაიწყო

40

წინა სტატია

ხულოს ყოფილი მერი გოჩა მელაძე შემოსავლების სამსახურში იმუშავებს. მელაძე ახალ სამსახურში დღეს გამოცხადდა. მისი თქმით, შეთავაზება სამსახურის წარმომადგენლებისგან მიიღო და დათანხმდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ზუსტად 8 დღის წინ, ხულოს არჩეული მერი შვებულებიდან დაბრუნდა, მისი პირველი მოადგილის ლაშა ბოლქვაძის სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დააკმაყოფილა, ახალი მოადგილე დანიშნა, შემდეგ კი დაკავებული პოსტი თავადაც დატოვა.  ის უკვე მესამე პირდაპირი წესით არჩეული მერია, რომელმაც თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ის ერთ-ერთი იყო, ვისი გადადგომის შესახებაც ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გავრცელდა, მაშინ, როდესაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძე თორნიკე რიჟვაძემ ჩაანაცვლა.

როგორც ცნობილია, ამ დრომდე თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე კიდევ ორმა მერმა დატოვა – 27 სექტემბერს ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ, მანამდე, 12 სექტემბერს კი ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ. მასთან ერთად პოსტიდან წავიდა გოგიას პირველი მოადგილეც.

შეგახსენებთ, რომ გოჩა მელაძე ხულოს მერად გასული წლის ოქტომბერში აირჩიეს.

რაც შეეხება პირველ მოადგილეს, ლაშა ბოლქვაძე ის გუშინ Goderdzi Resorts-ის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

ხულოს მერის მოვალეობას ხულოს პოლიციის უფროსი ვახტანგ ბერიძე შეასრულებს.