კასპში რძის გადამამუშავებელი საწარმო შენდება

849

კასპის მუნიციპალიტეტში რძის გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმო შენდება. როგორც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში აცხადებენ, მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება.

2018 წელს კოოპერატივი “რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, საწარმო რძის მიმღებ-გადამამუშავებელი დანადგერებით და ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოებით აღიჭურვება. ასევე, კოოპერატივს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობაც გადაეცემა.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მხრიდან თანადაფინანსებას წარმოადგენს საწარმოს შენობა-ნაგებობის აშენება, რომელშიც განთავსება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადაცემული დანადგარები.

“სახელმწიფო პროგრამაში ჩართულობით კოოპერატივის მეპაიეებს შესაძლებლობა ეძლევათ სტანდარტების დაცვით აწარმოონ რძის პროდუქტები, რაც ხელს შეუწყობს საწარმოო ციკლის ფარგლებში კოოპერატივების მეპაიეების შემოსავლების ზრდას”, – აცხადებენ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოში.

შეგახსენებთ, რომ “რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამა 2016 წლიდან ხორცილდება, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 26 ახალი კოოპერაციული საწარმო შეიქმნა, მათ შორის 10 მიმდინარე წელს ამოქმედდება.