ISFED: საარჩევნო ადმინისტრაციას 32 განცხადება/საჩივრით მივმართეთ

1162

25 ოქტომბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. დოკუმენტში მიმოხილულია 1-დან 24 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი, აგრეთვე მოვლენები, რომელთა განვითარებაც 1 ოქტომბრამდე დაიწყო და მათ შესახებ მონიტორინგის პერიოდში გახდა ცნობილი.

“ამ დროისთვის “სამართლიანმა არჩევნებმა“ უკანონო აგიტაციის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და კამპანიის წესების დარღვევასთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციას 32 განცხადება/საჩივრით მიმართა, მათ შორის 15 საჩივარი წარდგენილია 1 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში.

რამდენიმე წარდგენილ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ამ ეტაპისთვის ორგანიზაციის საჩივრების საფუძველზე ნინოწმინდის და ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილია ორი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საკომუნიკაციო საშუალებების სააგიტაციო მიზნებისთვის გამოყენებასთან დაკავშირებით.

სოციალური ქსელებით უკანონო აგიტაციის შემთხვევაში, თითქმის ყველა საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციამ ერთგვაროვანი გადაწყვეტილება მიიღო და დამრღვევ პირებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დააკისრა. საოლქო კომისიების თავმჯდომარეები უტყუარ მტკიცებულებად იღებენ დამრღვევი პირების ახსნა-განმარტებებს, რომლებიც აგიტაციის წესის დარღვევას ოჯახის წევრებს აბრალებენ.

საყურადღებოა, რომ საანგარიშო პერიოდში, ხულოსა და ფოთის მუნიციპალიტეტებში გადადგნენ ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირები. საარჩევნო კოდექსით აკრძალულია საარჩევნო პერიოდში საკადრო გადაადგილებები. აღნიშნული საკადრო ცვლილებები სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს აღნიშნული გადაწყვეტილების საკუთარი ნებით მიღებასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია “სამართლიანი არჩევნების“ კვლევაში.

კვლევის სრულად სანახავად გადადით ბმულზე.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.