პრემიერი მუნიციპალიტეტების მუშაობით უკმაყოფილოა

1052

შემდეგი სტატია

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე მუნიციპალიტეტებში მენეჯმენტის სტანდარტით უკმაყოფილოა, – ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა და დასძინა, რომ მის მიერ დანიშნული ახალი გუბერნატორები აქტიურად მუშაობენ იმისათვის, რომ მმართველობის სისტემა იყოს უფრო ეფექტური.

“ჩვენ ვართ უკმაყოფილო მენეჯმენტის იმ სტანდარტით, რომელსაც ადგილი ჰქონდა გარკვეულ მუნიციპალიტეტებში, მათ შორის, რეგიონულ მმართველობაში. სისტემა გამოვცვალეთ, ჩვენ გვყავს ახალი გუბერნატორები, რომლებიც ძალიან აქტიურად მუშაობენ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვგეგმავთ, რომ ეს სისტემა იყოს უფრო ეფექტური და რაც მთავარია, გადაწყვეტილების მიღება აისახოს მოკლე ვადაში თითოეულ მოქალაქეზე”, – აცხადებს პრემიერმინისტრი.

კითხვაზე, ხომ არ იგეგმება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის გათავისუფლება, პრემიერი პასუხობს: “მე ვისურვებდი, რომ მისნაირი სახელმწიფო მოხელეები რაც შეიძლება ბევრი გვყავდეს საქართველოს მთავრობაში”.