ახალქალაქის მერის მოადგილეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე უჩივლეს

733

ახალქალაქის მერის მოადგილის, არმენ მარანგოზიანის ფეისბუქის პირად გვერდზე, პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო ინფორმაცია სამუშაო საათებში გაზიარდა. ფაქტი ახალქალაქის საოლქო კომისიამ სამართალდარღვევად არ მიიჩნია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

მარანგოზიანის პირად ფეისბუქ გვერდზე, სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო მასალა 1–ელ და 2 ოქტომბერს გაზიარდა. აღნიშნული ინფორმაცია დღეს მერის მოადგილის ფეისბუქის გვერდზე აღარ იძებნება.

ფაქტთან დაკავშირებით, 10 ოქტომბერს ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა” ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა.

საოლქოში საქმე 15 ოქტომბერს განიხილეს. სხდომაზე მარანგოზიანმა საკუთარი ახსნა–განმარტებითი ბარათი წარმოადგინა, სადაც განმარტებული იყო, რომ სააგიტაციო პოსტი, მისმა მეუღლემ მადონა ოგანესიანმა გააზიარა, რომელიც მეუღლის ფეისბუქის გვერდით სარგებლობს.

ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიამ აღნიშნული ფაქტი დარღვევად არ მიიჩნია – “აქ არ იყო გამოყენებული ადმინისტრაციული რესურსი, რადგან მერიის კუთვნილი ტექნიკით არ იყო შესული ინტერნეტში ანუ სახლის ტექნიკა გამოიყენა, თან მისი გვერდით თავისი მეუღლეც სარგებლობს. ინფორმაციისთვის, ყველა დოკუმენტი, რომელიც “სამართლიან არჩევნებს” გადავუგზავნეთ, ცესკოს საიტზეც აიტვირთა”, – ამბობს ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჰასმიკ მარანგოზიანი.

როგორც “სამართლიანი არჩევნების” იურისტი, ნინო რიჟამაძე ამბობს, 1–2 ოქტომბრის შემდეგ, მარანგოზიანის გვერდზე, საპრეზიდენტო კანდიდატის სააგიტაციო მასალა არაერთხელ გაზიარდა – “სამართლიანი არჩევნების” დაკვირვებით, ამ დღის შემდეგ, მის გვერდზე ისევ იყო სააგიტაციო მასალის განთავსების შემთხვევა. გააზიარა სალომეს შეხვედრასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ასევე სამუშაო საათებში და თან ის ამ დროს არ სარგებლობდა შვებულებით”.

მისივე განმარტებით, საქართველოში გაჩნდა ტენდენცია, რომლის მიხედვითაც საჯარო მოხელეები აზიარებენ სააგიტაციო მასალებს სამუშაო პერიოდში, შემდეგ კი ამბობენ, რომ ამას მათი ცოლები ან შვილები აკეთებენ.

“საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება საარჩევნო მიზნებისათვის იკრძალება. ვინაიდან, მოხელეები სამუშაო საათებში ეწევიან აგიტაციას ინტერნეტისა და ფეისბუქის გამოყენებით, მიგვაჩნია, რომ შესასწავლია, ხომ არ ხდება საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება არაკანონიერი მიზნით”, – განმარტავს ნინო რიჟამაძე.