მთავრობის ახალი ინიციატივა – ნაბიჯი ფისკალური ავტორიტარიზმისკენ დეცენტრალიზაციის სახელით

2638

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ავტორი: მაგდა პოპიაშვილი

ადგილობრივი თვითმმართველობა კვლავ უფულოა, კვლავ უქონელი და უუფლებო. ამ დრომდე ქვეყნის აღმასრულებელმა თუ საკანონმდებლო ხელისუფლებამ ამ პრობლემების მოგვარება ვერ, ან არ მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ კონკრეტულ ვადებს აწესებდა, თუ რა დროში და როგორ უნდა მომხდარიყო თვითმმართველობების წინაშე მდგარი გამოწვევების გადაწყვეტა.

უკვე ერთი წელია, მთავრობა დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მუშაობს. ამჯერად სწორედ ამ სტრატეგიამ უნდა განსაზღვროს, რა უფლებამოსილებები გადაეცემათ დამატებით ადგილობრივ თვითმმართველობებს, რა შემოსავლები დარჩებათ ადგილზე იმისათვის, რომ ამ უფლებამოსილებების ჯეროვნად შესრულება შეძლონ, როდის და რა ვადებში გადაეცემათ მუნიციპალიტეტებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული თუ დაურეგისტრირებელი ქონება, როგორ ჩაერთვებიან მოქალაქეები ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში და ა.შ.

თუმცა, მანამდე, სანამ სტრატეგია შემუშავდება, საქართველოს მთავრობამ ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსების წესის შეცვლა გადაწყვიტა. მთავრობა ამბობს, რომ მუნიციპალიტეტების დაფინანსების სისტემის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება სწორედ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში მიიღო, ეს მაშინ, როცა ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია არც სტრატეგიის შესამუშავებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფებს ჰქონდათ და არც თავად თვითმმართველობებს, რამაც, ცხადია, ბევრი კითხვა  გააჩინა, უფრო მეტი კი – შენიშვნა.

დაფინანსების ახალი მოდელი რომ არ მოსწონთ, ამაზე ფისკალური დეცენტრალიზაციის სამუშაო ჯგუფის წევრებმა ფინანსთა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებთან შეხვედრაზეც ისაუბრეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მთავრობის ახალი ინიციატივა ფისკალური დეცენტრალიზაცია არ არის, ვინაიდან მუნიციპალიტეტები ფინანსურად ისევ ცენტრალურ ხელისუფლებაზე დამოკიდებულები რჩებიან. რაც მთავარია, ამ მოდელით კვლავ ვერ მოხდება მუნიციპალიტეტების სტიმულირება, რომ კარგი მუშაობით საკუთარი შემოსავლები გაზარდონ. ადგილობრივი თვითმმართველობების ფინანსების ზრდა მთელი სახელმწიფოს საჯარო ფინანსებში კი ისევ ნომინალური იქნება.

კონკრეტულად, რას ითვალისწინებს ახალი ინიციატივა და რა შენიშვნები აქვთ ექსპერტებს? მივყვეთ თანმიმდევრულად:

რას ითვალისწინებს ინიციატივა?

ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, 2019 წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობები გათანაბრებით ტრანსფერს აღარ მიიღებენ, საშემოსავლო გადასახადის ის მცირე ნაწილიც კი, რაც 2017 წლიდან ადგილობრივ ბიუჯეტებში რჩებოდა, 2019 წლიდან სრულად სახელმწიფო ბიუჯეტში გადაინაცვლებს, მუნიციპალიტეტებზე კი დღგ-ს სახით მიღებული შემოსავლების 19% გადანაწილდება. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მიერ მხარდაჭერის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტები დაფინანსების ამ წესზე 2019 წლიდან გადავლენ.

ამ სისტემის ამუშავებით, ჯამში, მომდევნო წელს ადგილობრივი თვითმმართველობები 46 მილიონი ლარით მეტს  მიიღებენ, რაც, ცხადია, ცუდი არ არის, თუმცა, ინიციატივა ვერც დეცენტრალიზაციის არსს, ვერც თვითმმართველობის ევროპულ ქარტიას და ვერც ევროსაბჭოს ადგილობრივი ხელისუფლებების კონგრესის მრავალწლიან რეკომენდაციებს პასუხობს.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით უკვე განსაზღვრულია, თუ რომელი მუნიციპალიტეტი რა ოდენობის დაფინანსებას მიიღებს. საკანონმდებლო ინიციატივაში ვკითხულობთ, რომ დღგ-ის განაწილება კონკრეტული კრიტერიუმით მოხდება. კერძოდ, მუნიციპალიტეტებისთვის განკუთვნილი დღგ-ის 60% განაწილდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მიხედვით;  15% – მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 6 წლამდე ბავშვების რაოდენობის მიხედვით; 10% – მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 6-დან 18 წლამდე მოზარდების რაოდენობის მიხედვით; 5% – მუნიციპალიტეტის ფართობის მიხედვით, ხოლო 10% – მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრების სტატუსის მქონე პირთა რაოდენობის მიხედვით.

ახლა კი იმ შენიშვნებზე მოგიყვებით, რომელიც ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციებსა და ექსპერტებს აქვთ.

ისევ არავინ იცის, რა ჯდება მუნიციპალური სერვისები და რა თანხები სჭირდება თვითმმართველობის ფინანსურ უზრუნველყოფას

დაფინანსების ახალი სისტემაც, არსებულის მსგავსად, ბნელ ოთახში ხელის ცეცებით სიარულს ჰგავს, რადგან მთავრობამ თვითმმართველობების დაფინანსების წესი ამჯერადაც ისე შეიმუშავა, რომ კვლავაც არავის დაუთვლია, რა ჯდება მუნიციპალიტეტების მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელება და მოსახლეობისთვის შესაბამისი სერვისების მიწოდება. ანუ ისევ ზოგადი კრიტერიუმით და, რაც მთავარია, ფინანსთა სამინისტროს შეხედულებისამებრ მიიღებენ მუნიციპალიტეტები დაფინანსებას.

ეს მაშინ, როცა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია მკაფიოდ მიუთითებს, რომ „ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ფინანსური წყაროები თანაზომიერნი უნდა იყვნენ კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ მათ უფლება-მოვალეობებთან.“

„დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიზანი უნდა იყოს ქარტიის ამ პრინციპთან ეტაპობრივი მიახლოება. ამისათვის საჭიროა, მთლიანად შეიცვალოს სახელმწიფოს მიდგომა თვითმმართველობების დაფინანსებასთან დაკავშირებით. კერძოდ, თუკი გვინდა, დავადგინოთ, რა თანხებია საჭირო თვითმმართველობის ნორმალური ფუქნციონირებისათვის, აუცილებელია, შეფასდეს  მუნიციპალური კომპეტენციებისა და სერვისების ღირებულება. „თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლით, მუნიციპალიტეტებს განსაზღვრული აქვთ საკუთარი უფლებამოსილებები, მაგრამ არავის არასდროს დაუთვლია, თუ რა ჯდება შესაბამისი კომპეტენციების განხორციელება.  ამ მონაცემების გარეშე კი შეუძლებელია, ობიექტურად განვსაზღვროთ, რა თანხები სჭირდება თვითმმართველობის ფინანსურ უზრუნველყოფას. ამიტომ, აუცილებელია, დადგინდეს მუნიციპალური სერვისების სტანდარტები და სტანდარტებზე დაყრდნობით განისაზღვროს მუნიციპალიტეტების მიხედვით სერვისების ღირებულება.  ეს მოგვცემს ობიექტურ სურათს, თუ რეალურად რა თანხები სჭირდებათ მუნიციპალიტეტებს საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად. ამ მონაცემებიდან კი უნდა განისაზღვროს მუნიციპალიტეტების საჭიროებების ფინანსური უზრუნველყოფის მექანიზმები, მისი მიღწევის საშუალებები და ეტაპები“, – ამბობს კოალიციის „ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის“ წევრი, ირაკლი მელაშვილი.

ფისკალური დეცენტრალიზაცია – ერთჯერადი აქტი მუნიციპალიტეტებისთვის

როგორც ცნობილია, საქართველოში მუნიციპალიტეტების საკუთარი შემოსავლების წილი მთლიან საჯარო ფინანსებში ძალიან დაბალია. ფინანსური დეცენტრალიზაცია კი, პირველ რიგში, სწორედ ცენტრალურ და ადგილობრივ  ხელისუფლებებს შორის ფინანსების გადანაწილებას და საჯარო ფინანსებში თვითმმართველობის წილის გაზრდას უნდა გულისხმობდეს. რა მოხდება მთავრობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტით? 2019 წელს, ვინაიდან თვითმმართველობების დაფინანსებაზე დღგ-დან მიღებული შემოსავლების ფიქსირებული 19% წავა, მუნიციპალიტეტების ფინანსური წილი მთლიან საჯარო ფინანსებში უმნიშვნელოდ გაიზრდება, 2020 წლიდან კი, მუნიციპალური ფინანსების წილი, როგორც მთლიან შიდა პროდუქტში, ისე სახელმწიფო და  ქვეყნის ნაერთ ბიუჯეტთან მიმართებით, ფაქტობრივად, უცვლელი დარჩება.

ასე რომ, ფინანსური დეცენტრალიზაცია იქნება ერთჯერადი აქტი, უმნიშვნელო ზომით  განხორციელებული 2019 წელს, ხოლო 2020 წლიდან ფინანსური დეცენტრალიზაცია, ანუ ადგილობრივი ხელისუფლების ფინანსების ზრდა მთელი სახელმწიფოს საჯარო ფინანსებში, დასრულდება. ექსპერტები ამბობენ, რომ მთავრობის ამ მიდგომას დეცენტრალიზაციის პროცესთან ნაკლები აქვს საერთო.

დაფინანსების ახალი მოდელი – თვითმმართველობის ეკონომიკური აქტივობის დემოტივატორი

თვითმმართველობის დაფინანსების დღეს არსებული მოდელის სუსტ მხარედ, პირველ რიგში, ითვლებოდა ის, რომ არსებული სისტემა არ ახდენდა მუნიციპალიტეტების ეკონომიკური აქტივობის სტიმულირებას. ანუ, მუნიციპალიტეტების ეკონომიკური განვითარება მათ შემოსავლებზე ნაკლებად აისახებოდა. მთავრობის მიერ შემოთავაზებული მოდელი კი ამ პრობლემას არ ჭრის.

თუკი მუნიციპალიტეტმა მოიზიდა ინვესტიციები, შექმნა ახალი სამუშაო ადგილები, ამით ის ფინანსურად ვერაფერს მიიღებს, რადგან მას მხოლოდ ქონების გადასახი დარჩება. ქონების გადასახადი კი, რეალურად, ვერ გაზრდის მის შემოსავლებს.

დაფინანსების ახალი მოდელით, მუნიციპალიტეტის შემოსავალი შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მთელს ქვეყანაში გაიზრდება მშპ. ამიტომაც, არ აქვს მნიშვნელობა, კარგად იმუშავებს მუნიციპალიტეტი, თუ ცუდად, იქნება აქტიური, ინიციატივიანი, საქმეზე ორიენტირებული, თუ მხართეძოზე წამოწოლილი, ვინაიდან მას ბიუჯეტი მხოლოდ იმდენით მოემატება, რამდენადაც გაიზრდება ქვეყნის მშპ.

„ფაქტობრივად, ჩვენ მუნიციპალიტეტს, იურიდიულ პირს, ვეუბნებით, რომ მისი კეთილდღეობა დამოკიდებულია არა მის კარგ მუშაობაზე, კარგ მენეჯმენტსა და აქტიურობაზე, არამედ საქართველოში მოქმედ სხვა იურიდიული პირების, მთავრობისა და კიდევ 63 მუნიციპალიტეტის კარგ მუშაობაზე, ვინაიდან მშპ მხოლოდ ამ შემთხვევაში გაიზრდება. ასეთი სისტემა კი კვლავ იქნება თვითმმართველობის ეკონომიკური აქტივობის დემოტივატორი“, – ამბობს ირაკლი მელაშვილი.

უარი საშემოსავლო გადასახადის დატოვებაზე = უარს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებაზე

როგორც უკვე გითხარით, 2019 წლიდან ადგილობრივ ბიუჯეტებში აღარ დარჩება საშემოსავლო გადასახადის ის მცირე ნაწილიც კი, რომელიც 2017 წლიდან ფიზიკური მეწარმე პირების მიერ გადახდილი გადასახადიდან რჩებოდა.

ექსპერტები ერთხმად აცხადებენ, რომ ხელისუფლებას სწორედ მეტი საშემოსავლო გადასახადის დატოვებით უნდა დაეწყო ფისკალური დეცენტრალიზაცია, ვინაიდან სწორედ ეს არის ის გადასახადი, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობების სტიმულირება შეუძლია, რათა მოიზიდოს მეტი ინვესტიცია, შექმნას მეტი სამუშაო ადგილი და ამით მუნიციპალური ბიუჯეტიც გაზარდოს.

ცხადია, საშემოსავლო გადასახადის თვითმმართველობებისთვის დატოვება ფისკალური დეცენტრალიზაციის უმნიშვნელოვანესი, მაგრამ ერთ-ერთი კომპონენტია და ამას მუნიციპალიტეტებისთვის ქონების გადაცემაც უნდა მოჰყვეს, რომლის დიდი ნაწილის მესაკუთრეც დღეისათვის ეკონომიკის სამინისტრო, ანუ სახელმწიფოა. სამწუხაროდ, დღეისათვის ამ საკითხზე დეცენტრალიზაციის პროცესზე პასუხისმგებელი უწყებები საერთოდ არ საუბრობენ.

მთავრობა – ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური უზრუნველყოფის ერთადერთი წყარო

მთავრობის მიერ შემოთავაზებული მოდელით, თვითმმართველობის შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა, გაზარდოს საკუთარი შემოსავლები, ფაქტობრივად, ნულს უტოლდება, ეს მაშინ, როცა დეცენტრალიზაციის ერთ-ერთი ამოცანაა, გაიზარდოს ადგილობრივი ხელისუფლებების კომპეტენციები, პასუხისმგებლობა და შესაძლებლობები, მოიძიონ რესურსები და მოაგვარონ ადგილობრივი პრობლემები.

„რეალურად, თვითმმართველობის ფინანსური უზრუნველყოფის ერთადერთი წყარო მთავრობა ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სრული პასუხისმგებლობაც მასზე გადადის. მხოლოდ მთავრობის საქმეა, რამდენად მოახერხებს მშპ-ს და შესაბამისად, თვითმმართველობების ბიუჯეტების გაზრდას, ხოლო დანარჩენი საქართველო ხდება არა ქვეყნის განვითარების თანამონაწილე, არამედ მთავრობის ხელის შემყურე.

მთავრობა ხდება თვითმმართველობის მთელი სისტემისთვის შემოსავლის მიღების ერთადერთი რეალური წყარო. ასეთი სისტემა არა მხოლოდ ფინანსურად აკაბალებს თვითმმართელობას, არამედ მენტალურადაც მაქსიმალურად ზღუდავს მის თავისუფლებას, რადგან მთავრობის იქით მას გზა არ აქვს“, – ამბობს ირაკლი მელაშვილი.

უარი გათანაბრებით პოლიტიკაზე – მუნიციპალიტეტების უთანასწორობის პრობლემას ხელისუფლება კვლავ არ აგვარებს

როგორც უკვე გითხარით, მთავრობის მიერ შემოთავაზებული მოდელით, სახელმწიფო უარს ამბობს გათანაბრებით პოლიტიკაზე, რაც საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს პირდაპირ ეწინააღმდეგება.

საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული თვითმმართველობის ევროპული ქარტიის მიხედვით, „ფინანსურად სუსტი ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოთა დაცვა მოითხოვს ფინანსური გათანასწორების პროცედურების, ან სხვა შესაბამისი ზომების გატარებას, რომელთა დანიშნულებაა, გამოასწორონ ფინანსების პოტენციური წყაროებისა და ფინანსური ვალდებულებების არაადეკვატური განაწილების შედეგები. ამაგვარი პროცედურები ან ზომები არ შეზღუდავს ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების თავისუფლებას მათი კომპეტენციის ფარგლებში“.

ევროსაბჭოს ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესი, სხვადასხვა წელს, საკუთარ რეკომენდაციებში მუდმივად მიუთითებდა, რომ გადასახედი და დასახვეწი იყო გათანაბრების პოლიტიკა. ხელისუფლებამ კი, იმის ნაცვლად, რომ გათანაბრებითი ტრანსფერის ფორმულის შეცვლაზე ემსჯელა, მუნიციპალიტეტებს ტრანსფერს საერთოდ უუქმებს. დაფინანსების ახალი მოდელით მუნიციპალიტეტებს შორის უთანასწორობა კვლავ სერიოზულ პრობლემად რომ რჩება, ეს სახელმწიფო ბიუჯეტის 2019 წლის პროექტიდანაც კარგად ჩანს.

კიდევ ერთი საკითხი, რაც კითხვებს ბადებს, თავად თანხის განაწილების პრინციპია. როგორც ცნობილია, დღგ-ის 19%-ის განაწილება განხორციელდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობის, 6 წლამდე ბავშვების რაოდენობის, 6-დან 18 წლამდე მოზარდთა რაოდენობის, მუნიციპალიტეტის ფართობისა და მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრების სტატუსის მქონე პირთა რაოდენობის მიხედვით. თანხის განაწილების 85% კი სწორედ მუნიციპალიტეტების მოსახლეობას უკავშირდება. თუ მთავრობა ამ კრიტერიუმებით ანაწილებს დღგ-ს, მაშინ ჩნდება რამდენიმე კითხვა 2019 წელს მუნიციპალიტეტებზე გადასაცემ თანხებთან დაკავშირებით:

დღგ-ის 19%-ის განაწილების შედეგად, დედაქალაქი  მუნიციპალიტეტებისთვის გამოყოფილი თანხის 50.01%-ს – 473,415.2 ლარს მიიღებს. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, თბილისში 1 108 717 ადამიანი ცხოვრობს.

საინტერესოა, რას მიიღებენ სხვა თვითმმართველი ქალაქები?

ბათუმი – 5.07%-ს (47,953.6 ლარი); ფოთი – 0.36%-ს (3,398.5 ლარი); ქუთაისი – 3.48%-ს (32,935.3 ლარი); რუსთავი – 2.28%-ს (21,562.9 ლარი).

აღწერის თანახმად, ამ ოთხ თვითმმართველ ქალაქში მოსახლეობის ჯამური რაოდენობა 467 042 ადამიანია, ანუ ნახევარზე ცოტა მეტით – 641 674 ადამიანით ნაკლები, ვიდრე თბილისში. ამ ფონზე ირკვევა, რომ, ახალი სქემით, მათი დაფინანსების ჯამური პროცენტი 11.19%-ს, ჯამური თანხა კი 105,850.3 ლარს შეადგენს, რაც, თბილისთან შედარებით, 367,564.9 ლარით, ანუ ოთხჯერ ნაკლებია.

გადავხედოთ სხვა მუნიციპალიტეტებსაც:

ცხრილიდან ცნობილი ხდება, რომ, მაგალითად, ბოლნისის მუნიციპალიტეტი, რომელშიც 53 590 მცხოვრებია, 19%-დან მხოლოდ 0.09%-ს მიიღებს, რაც თანხობრივად 875 ათასი ლარია, ეს მაშინ, როცა მისი მეზობელი დმანისის მუნიციპალიტეტი, რომელშიც თითქმის სამჯერ ნაკლები – 19 141 ადამიანი ცხოვრობს, 0.80%-ს, რაც თანხობრივად, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, 4,939.0 ლარი გამოდის.

მესტიის მუნიციპალიტეტი, რომელშიც 9 316 ადამიანი ცხოვრობს, ახალი სისტემით, 0.35%-ს, ანუ 3,346.4 ლარს მიიღებს, ონის მუნიციპალიტეტი, რომელშიც 3 ათასით ნაკლები – 6 130 მცხოვრებია, უფრო მეტ დაფინანსებას – 0.39%-ს, ანუ 3,715.5 ლარს მიიღებს. ყაზბეგის მუნიციპალიტეტი კი, რომელსაც ონთან შედარებით 2 335-ით, ხოლო მესტიასთან შედარებით, 5 521-ით ნაკლები – 3 795 მცხოვრები ჰყავს, მხოლოდ და მხოლოდ 0.01%-ს, ანუ 87 ათას 500 ლარს მიიღებს, რაც, მესტიის დაფინანსებასთან შედარებით, 38.2-ჯერ, ონის დაფინანსებასთან შედარებით კი თითქმის 42.5-ჯერ ნაკლებია.

როგორც ხედავთ, მთავრობის ახალ ინიციატივას, რბილად რომ ვთქვათ, არაერთი ხარვეზი აქვს. უმთავრესი პრობლემა კი ისაა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ფინანსურად კვლავ ცენტრალური ხელისუფლების გაგრძელებად რჩება, რაც, ცხადია, თავად თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის არსს აკნინებს.

შეიცვლება თუ არა დაფინანსების ახალი მოდელი 2020-დან?

ფისკალური დეცენტრალიზაციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც მხოლოდ მას შემდეგ გაიმართა, რაც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტით პარლამენტს მიმართა, ჯგუფის წევრების უმრავლესობამ მთავრობას ინიციატივა დაუწუნა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მუნიციპალიტეტებს საშემოსავლო გადასახადის ნაწილიც უნდა დარჩეთ და გათანაბრებითი ტრანსფერიც უნდა მიიღონ, ოღონდ ტრანსფერის ფორმულა ხელახლა, ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით უნდა შემუშავდეს.

შეხვედრაზე, რომელსაც ფინანსთა და ინფრასტრუქტურის მინისტრების მოადგილეები ესწრებოდნენ, შეთანხმდნენ, რომ ჯგუფი ფისკალური დეცენტრალიზაციის საკუთარ მოდელს შეიმუშავებს და განსახილველად სამთავრობო კომისიას გადაუგზავნის.

ამის მიუხედავად, ფინანსთა სამინისტრო ამბობს, რომ მომავალი წლისთვის სხვა სისტემაზე გადასვლა ვეღარ მოესწრება და ამიტომ 2019 წელს თვითმმართველობები დაფინანსებას იმ მოდელით მიიღებენ, რაც მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა. ექსპერტების მიერ მომზადებულ დოკუმენტზე კი წლის ბოლომდე იმსჯელებენ და, თუ მხარეები პოზიციებზე შეჯერდებიან, მას დეცენტრალიზაციის საშუალოვადიან სტრატეგიაში ასახავენ.

სტრატეგია, როგორც ითქვა, მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა შემუშავდეს და მთავრობამ დაამტკიცოს. ამიტომაც სწორედ ამ დროისთვის გახდება ცნობილი, გაიზიარებს თუ არა მთავრობა სფეროს ექსპერტთა ინიციატივებს და დაიწყება თუ არა რეალური ფისკალური დეცენტრალიზაცია 2020 წლიდან მაინც. 2019 წელი კი, ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსების კუთხით მცირედით გაუმჯობესებული, მაგრამ ფისკალური დეცენტრალიზაციის მხრივ, სამწუხაროდ, უკვე ჩავარდნილია.