ვაშაძე: ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობების კომპეტენციებში ჩარევის რგოლი უნდა ჩამოშორდეს

1559

წინა სტატია

პრეზიდენტობის ეს კანდიდატი გვპირდება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის გასაძლიერებლად პრომოუტერის როლს მოირგებს და მთელი ქვეყნის მასშტაბით აგიტაციას გასწევს იმისათვის, რომ ქვეყნის სახელმწიფო მართვის პოლიტიკა გადაიხედოს. კანდიდატი გვპირდება, რომ იმუშავებს პოლიტიკურ ძალებთან, რათა დაარწმუნოს, რომ დეცენტრალიზაცია მნიშვნელოვანია და ძალაუფლება ცენტრიდან ადგილებზე უნდა გადავიდეს. დეცენტრალიზაციის მთავარი არსი კი მისთვის ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის მეტი უფლებამოსილების მინიჭება, ადგილზე მეტი გადასახადის დატოვება და ქონების გადაცემაა. მიიჩნევს, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციების დიდი ნაწილი უნდა ჩამოერთვას და ადგილობრივ თვითმმართველობებს გადაეცეთ.

ეს კანდიდატი იმ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს, რომელმაც 2008 წელს, ხელისუფლებაში ყოფნისას, საპირისპირო გადაწყვეტილებები მიიღო და თვითმმართველობები, ფინანსურად, ქონებრივად და უფლებრივად, სრულად ცენტრზე დამოკიდებული გახადა. თუ 2008 წლამდე ადგილობრივ თვითმმართველობებს მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის 100% ადგილობრივ ბიუჯეტში რჩებოდათ, სწორედ ამ პარტიის – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებით, მათ ეს შემოსავლები წაართვეს და ცენტრალურ ბიუჯეტში გადაიტანეს. უარი თქვეს სახელმწიფო ქონების მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემაზეც და მას სრულად ეკონომიკის სამინისტრო განაგებდა. შეიზღუდა თვითმმართველობის უფლებამოსილებებიც. 

ზუსტად 10 წლის წინ მიღებულმა ამ გადაწყვეტილებებმა ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება არსებითად შეაფერხა. 10 წლის შემდეგ კი, ამავე პარტიის კანდიდატი გვპირდება, რომ, ფაქტობრივად, იმის აღსადგენად იბრძოლებს, რაც 2008 წლამდე იყო – იმუშავებს იმისათვის, რომ თვითმმართველობებს გადასახადებიდან შემოსული თანხა ადგილობრივ ბიუჯეტში დარჩეთ, გადაეცეთ ქონება, გაეზარდოთ უფლებამოსილებები, რათა ქვეყანაში რეალურად ცენტრისგან დამოუკიდებელი და ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობა ჩამოყალიბდეს. 

უფრო კონკრეტულად, რას ფიქრობს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებასა და დეცენტრალიზაციის საკითხებზე “ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, ამას მისი ინტერვიუდან შეიტყობთ:

  1. რამდენად პრიორიტეტულია თქვენთვის დეცენტრალიზაციის განხორციელება, ძლიერი თვითმმართველობის ფორმირება და პრეზიდენტობის შემთხვევაში, როგორ აპირებთ ამ საკითხის ხელშეწყობას?

საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ძალაუფლება არის ცენტრალიზებული და ცენტრალური ხელისუფლების მიერ იგეგმება ყველა ინიციატივა, რაც უნდა განხორციელდეს ადგილობრივ დონეზე. რეალურად რომ შევაფასოთ სიტუაცია, პრობლემაა ის, რომ თბილისში ვერ დაიგეგმება, რა უნდა მოხდეს ჩხოროწყუში, როგორ უნდა განვითარდეს ის. ამიტომ დეცენტრალიზაციას აქვს უდიდესი მნიშვნელობა იმისათვის, რომ რეგიონების განვითარებას ხელი შეეწყოს. ამისათვის უნდა მოხდეს მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური გადახედვა ქვეყნის სახელმწიფო მართვის პოლიტიკის. პრეზიდენტს შეუძლია, შეასრულოს როგორც პრომოუტერის როლი დეცენტრალიზაციის კუთხით, ანუ ის იდეები, რაც მნიშვნელოვანია, დეცენტრალიზაციის კუთხით გატარდეს, ამის ერთ-ერთი მთავარი პრომოუტერი უნდა იყოს პრეზიდენტი, რომელიც გააკეთებს ამას მთელი ქვეყნის მასშტაბით იმისათვის, რომ მაქსიმალური მოტივაცია შევქმნათ, მათ შორის, პოლიტიკურ ძალებში, რომ ძალაუფლების გადასვლა ცენტრიდან ადგილებზე მოხდეს.

  1. თქვენი აზრით, რა უნდა გახდეს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პრიორიტეტები  ქონებრივ და ფისკალურ ნაწილში, განათლების სფეროში, კულტურის სფეროში, გარემოს დაცვის სფეროში, სხვა სფეროებში?

ფისკალურ ნაწილში – ვფიქრობ, რომ უნდა გაიზარდოს ადგილობრივ ბიუჯეტში აკრეფილი გადასახადებიდან დარჩენილი თანხის მოცულობა, რაც უნდა მოხდეს ფინანსურ გათვლებთან ერთად, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას ადგილზე ბიზნესის განვითარების მოტივაცია მიეცეს, ანუ, რაც მეტ ინვესტიციას მოიზიდავს ადგილზე, მეტი შემოსავალი დარჩება.

ქონების განაწილების საკითხში – მაქსიმალურად უნდა ჩამოვაშოროთ ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სააგენტოს ყველაფრის განკარგვის უფლება ადგილობრივ დონეზე და ქონება უნდა გადაეცეს ადგილობრივ თვითმმართველობებს, რომლებმაც სწორედ ამ ქონების პრივატიზებით და კერძო საკუთრებაში გადაცემით უნდა მოახდინონ ინვესტიციების გენერირება. დღეს რეალური სურათი ასეთია – ქონების დიდი ნაწილი მოქცეულია ცენტრალური ხელისუფლების ხელში და ძალიან რთულია, ადგილზე ინვესტორის შემოყვანა ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან იმიტომ, რომ ცენტრთან უწევს ყველაფერზე კომუნიკაცია.

განათლების სფეროში – ვფიქრობთ, რომ სკოლებთან მიმართებით უნდა მოხდეს დეცენტრალიზაცია. ასევე, თვითმმართველობის როლი უნდა გაიზარდოს და თავად თვითმმართველობამ უნდა დაიწყოს ფიქრი განათლების სისტემის განვითარებაზე. დღეს გვაქვს ისეთი რეალობა, რომ სკოლის ეზოში თუ რამე პრობლემაა, განათლების სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს და არა – თვითმმართველმა ორგანომ. ეს არის კატასტროფა. ადგილობრივ თვითმმართველობას უნდა ჰქონდეს უფრო მეტი ფუნქცია. განათლების სამინისტრო უნდა იყოს ძირითადი განმსაზღვრელი განათლების მიმართულებით, ხოლო თვითმმართველობები უნდა იყვნენ განმახორციელებლები განათლების მაღალი ხელმისაწვდომობის ადგილობრივ დონეზე. გარკვეული კონკურენციაც კი შეიძლება შეიქმნას მუნიციპალიტეტებს შორის, ვის უფრო კარგი საგანმანათლებლო დაწესებულება აქვს და ვინ უფრო მეტად ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ცოდნის ამაღლებას.

კულტურის სფეროში – კულტურის სფერო, ვფიქრობ, რომ ცენტრალური ორგანოების ფუნქცია საერთოდ არ უნდა იყოს. ჩვენ კულტურა უნდა განვიხილოთ, როგორც მუნიციპალიტეტის, ქალაქის მიზიდულობის ცენტრად ჩამოყალიბების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად. ამიტომ აქაც თვითმმართველობის როლი უნდა გაიზარდოს.

გარემოს დაცვის სფეროში – ამ სფეროში, ვფიქრობთ, რომ ერთი მხრივ, ცენტრალური ხელისუფლების ძირითადი მიმართულება უნდა იყოს ის, რომ შექმნას ისეთი საკანონმდებლო გარემო, რომ პრიორიტეტი გახდეს, ზოგადად, ჯანსაღი გარემო ქვეყანაში, მაგრამ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა უნდა მოახდინონ ამ ყველაფრის რეალიზება. მათ შორის, მათ ხელთ არსებული რესურსების მართვის კუთხით, ეს იქნება წყალი, სატყეო ფონდის მართვის სისტემა და ა.შ. მათ უნდა ჰქონდეთ როგორც უფლებები, ასევე, ვალდებულებები, რომ დაიცვან მაქსიმალურად გარემოზე ზემოქმედება. მაგალითად, ავიღოთ წიაღისეულის მოპოვება, რომელიც ძალიან დიდ ზიანს აყენებს გარემოს. გარემოს დაცვის სამინისტრო, რომელიც თბილისში ზის, არის ვალდებული, რომ ყურადღება მიაქციოს, მაგალითად, დმანისსა და ბოლნისში არსებულ ოქროს მომპოვებელ ობიექტებს. და ვინ ზიანდება იქ შექმნილი პრობლემებით? ზიანდება ადგილობრივი მოსახლეობა. ამიტომ აქაც ადგილობრივი თვითმმართველობის როლი უნდა იყოს მაქსიმალურად გაზრდილი და ის უნდა იყოს გარემოს მთავარი დამცველი.

  1. უნდა გაძლიერდეს თუ არა თვითმმართველობის ბიუჯეტის ხარჯებზე კონტროლის მექანიზმები ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან და რა ფორმით?

მთავარია არა ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის გაზრდა, არამედ ის, რომ შევქმნათ ისეთი სამართალდამცავი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს კორუფცის პრევენციას და კორუფციულ სქემებზე რეაგირების სისტემას. რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, რაში უნდა დახარჯოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბიუჯეტი, ეს თვითონ ადგილზე უნდა გადაწყდეს. არ შეიძლება ცენტრის ჩარევა მუდმივად თვითმმართველობების გადაწყვეტილებებში, თუ როგორ უნდა გაანაწილონ ბიუჯეტი და რაში რამდენი უნდა დახარჯონ. ვერასდროს ვერ იქნება კვალიფიციური გადაწყვეტილება ცენტრალური ხელისუფლების ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით ადგილობრივ დონეზე. რატომ? იმიტომ, რომ თბილისში ვერ ეცოდინება მინისტრს, რა არის პრიორიტეტი, მაგალითად, ჩხოროწყუში. ჩხოროწყუმ თვითონ უნდა გადაწყვიტოს პრიორიტეტებიც და საჭიროებებიც და აქედან გამომდინარე უნდა გაანაწილოს ბიუჯეტი. და მეორე – ეს გაზრდის პასუხისმგებლობას თავად თვითმმართველი ერთეულების და არ გვექნება ისე, რომ მოსახლეობა რაღაცის გაკეთებას ითხოვს და თვითმმართველობა გადაწყვეტილებას ვერ იღებს. რა არის თვითმმართველობა? ჩემი პირდაპირი შესაძლებლობა, რომ მივიღო მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მივდივარ ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის მისაღებად და ფაქტობრივად, მეუბნება თვითმმართველობა, მე რა ვქნა, ცენტრიდან ასე დამავალეს და ასე უნდა გადავანაწილო ეს ბიუჯეტიო. ამის საინტერესო და კურიოზული მაგალითებიც გვქონდა, თუ როგორ აკოპირებდნენ ერთმანეთისგან გადაწყვეტილებებს საკრებულოები და, თუ სწორად მახსოვს, ხაშური აფინანსებდა მეტროსთან დაკავშირებით რაღაცას, რომელიც ხაშურში არ არის. ანუ ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რა დონეზეა ჩვენი თვითმმართველობა და რა დონეზე ცენტრალიზებულია ნებისმიერი გადაწყვეტილება. ფაქტობრივად, ქვეყანაში არ არსებობს თვითმმართველობა. კიდევ ერთხელ ვამბობ, პირდაპირი ანგარიშვალდებულება უნდა იყოს მოსახლეობასთან ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე და მოსახლეობის ჩართულობა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში. რაც შეეხება კონტროლის მექანიზმს, აქ უნდა გვქონდეს გამართული სამართალდამცავი ორგანოები. მაგალითად, ჩვენ პროგრამაში გვაქვს ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის ინიციატივა, რომელიც უნდა აკონტროლებდეს მიზნობრიობას და რაც მთავარია, აკონტროლებდეს კორუფციული სქემების არარსებობას ადგილობრივ დონეზე.

  1. ეთანხმებით თუ არა გარკვეულ პოლიტიკოსთა მოსაზრებას, რომ უმჯობესია, მერების პირდაპირი წესით არჩევა მათი საკრებულოს მიერ არჩევითობით ჩანაცვლდეს?

არც ერთ შემთხვევაში. ვფიქრობ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მერების პირდაპირი წესით არჩევა, თუ მით უმეტეს, ადგილობრივ თვითმმართველობას მეტ უფლებამოსილებებს მივცემთ და მეტ დეცენტრალიზაციას გავაკეთებთ, შექმნის იმის გარემოს, რომ მცოდნე, თანამედროვე ლიდერები შეეცდებიან, გახდნენ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები და ამისთვის მათ ექნებათ შესაძლებლობა, პირდაპირ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. ასე რომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ მერების პირდაპირი წესით არჩევას.

  1. პირდაპირი წესით არჩეული მერისთვის უნდობლობის გამოცხადების უფლება უნდა ჰქონდეს საკრებულოს თუ მხოლოდ მოსახლეობას, რომელმაც მერი აირჩია?

საკრებულოს მხრიდან უნდობლობის გამოცხადება არის პოლიტიკური ბერკეტისა და მექანიზმის არსებობა იმისათვის, რომ, თუ პირდაპირი წესით არჩეული მერი არ დაემორჩილება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელსაც ცენტრი იღებს, ცენტრალურ ხელისუფლებას შეუძლია, საკრებულოს მეშვეობით შეცვალოს ეს მერი. ამიტომ ეს უფლებამოსილება უნდა გაუქმდეს და მერი უნდა იყოს ის პირდაპირი წესით არჩეული ადამიანი, რომელიც ანგარიშვალდებულია ხალხთან და შესაბამისად, თუ რაიმე კითხვის ნიშანია, ან იმპიჩმენტის წესი უნდა არსებობდეს, ან შეიძლება ვიფიქროთ მექანიზმზე, რომლითაც ისევ ამომრჩეველს შეეძლება მისი გადარჩევა. მე ვფიქრობ, რომ სწორი არის, აირჩიოს კონკრეტული ვადით და, როგორც არჩევით თანამდებობაზე ხდება, იმპიჩმენტის მექანიზმით მოხდეს მისი გადაყენება სისხლის სამართლის დანაშაულის შემადგენლობის არსებობის შემთხვევაში.

  1. თქვენი აზრით, სავალდებულო უნდა გახდეს თუ არა მერისთვის ადგილობრივი ბიუჯეტის მომზადებასა და შედგენაში მოსახლეობის ჩართულობა?

ჩავთვალოთ, რომ არ არსებობს თვითმმართველობა, თუ ადგილობრივი მოსახლეობა არ იღებს მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და პირველ რიგში, იმ ფინანსური რესურსების განაწილების პროცესში, რომელიც ადგილობრივ დონეზეა აკუმულირებული. ჩვენთან, სამწუხაროდ, დღემდე შემორჩენილია პერსეფცია, რომ ხალხმა არაფერი არ იცის, ყველაფერი იცის რომელიღაცა ჩინოვნიკმა. ეს არის არასწორი მიდგომა და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება, რომ მოსახლეობის უშუალო ჩართულობის გარეშე ბიუჯეტის დამტკიცება ვერ მოხდება ადგილობრივ დონეზე. ამას სჭირდება, მათ შორის, საკანონმდებლო გარანტიები და ამაზე აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ.

  1. უნდა იყოს თუ არა შემოღებული ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელთა სამართლებრივი პასუხისმგებლობა თვითმმართველობის საქმიანობაში ჩარევისათვის?

მოდით ასე ვთქვათ, დღევანდელი კანონიც, ფაქტობრივად, სხვის საქმიანობაში ჩარევის უფლებამოსილებას არავის აძლევს. ჩვენ უნდა მივცეთ მეტი დამოუკიდებლობის შესაძლებლობა ადგილობრივ ხელისუფლებას, მათ შორის, უფლებრივად, მათ შორის, საბიუჯეტო თვალსაზრისით, მათ შორის, ვალდებულებითი თვალსაზრისით და აქედან გამომდინარე, როდესაც ისინი შეიგრძნობენ, რომ დამოუკიდებლები არიან, ნაკლებად დაემორჩილებიან იმ მითითებებს, რომლებსაც იღებენ ცენტრალური ხელისუფლებისგან. რაც შეეხება იმას, რომ სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე გავწეროთ მუხლი, რომელიც იტყვის, რომ თვითმმართველობის საქმიანობაში ჩარევისთვის დავამძიმებთ გარემოებას, ვფიქრობ, რომ ეს არ გადაგვიწყვეტს პრობლემას. პრობლემას გადაწყვეტს, თუ მერი იქნება პირდაპირი წესით არჩეული და პოლიტიკური ტურბულენციის მიუხედავად, მის გადარჩევას ვერ მოახდენენ და მეორე – თუ მივცემთ თვითმმართველობას მეტ უფლებას და ჩამოვაშორებთ ამ უფლებამოსილებებს ცენტრს.

  1. ვალდებული უნდა იყოს თუ არა მერია, მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების თაობაზე კონსულტაციები გაიაროს გუბერნატორსა და მთავობასთან?

არათუ ვალდებული არ უნდა იყოს, საერთოდ არასწორია, როცა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ფაქტობრივად, გვევლინება თვითმმართველობის მთავარი ფუნქციის, მათ შორის, ინფრასტრუქტურის განვითარების მთავარ განმახორციელებლად. ეს არის არასწორი და აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რეგიონული განვითარების სამინისტროს ადგილობრივ თვითმმართველობებზე ზეგავლენისა და ფაქტობრივად, მათ კომპეტენციებში ჩარევის რგოლი უნდა ჩამოშორდეს. არ შეიძლება, თბილისში იგეგმებოდეს, რომელ სოფელში უნდა გავიდეს გზა, ან თბილისთან თანხმდებოდეს ყველაფერი. ეს უნდა იყოს, კიდევ ერთხელ ვამბობ, პასუხისმგებლობა და ვალდებულება ადგილობრივი თვითმმართველობის, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ბიუჯეტი, გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს დამოუკიდებლად და მოსახლეობასთან უნდა იყოს ანგარიშვალდებული. ასეთ შემთხვევაში, ადგილობრივ მოსახლეობას ყოველთვის ეცოდინება – თუ რამე არ მოსწონს, მიდის ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რომელმაც არასწორად მიიღო გადაწყვეტილება. ჩვენი პროგრამით, რეგიონული განვითარების სამინისტრო საერთოდ უნდა გაუქმდეს დღევანდელი ფართო უფლებამოსილებებით და უნდა იყოს მსხვილ ტრანსრეგიონულ პროექტებზე ორიენტირებული. დანარჩენი ბიუჯეტი უნდა გადანაწილდეს ადგილობრივ თვითმმართველობებზე, რომლებმაც თვითონ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით. მეორე – არ შეიძლება, ადგილობრივ დონეზე ინფრასტრუქტურული პროექტების ამოგლეჯა მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიიდან, იმიტომ, რომ ინფრასტრუქტურა არის ერთ-ერთი ნაწილი მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიისა, თუ რა მიზანი აქვს მუნიციპალიტეტს, რა პოზიციონირება აქვს, რას სთავაზობს ინვესტორს, ტურისტს თუ ა.შ. სწორედ აქედან გამომდინარე უნდა მიდიოდეს განვითარება და არა ისე, როგორც დღეს არის, როცა რეგიონული განვითარების სამინისტრო ამბობს, რომ ამ სოფელში გაიყვანს გზას, იმას დააფინანსებს, რაღაცას არ დააფინანსებს და ა.შ. რეგიონული განვითარების ფონდის მაქსიმალური დეცენტრალიზაცია უნდა მოხდეს და საერთოდ, ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციიდან უნდა ამოვარდეს არსებული უფლებამოსილება, რომ მათ უნდა შეითანხმონ, ან დაგეგმონ ადგილობრივი დონის პროექტები.

***

პრეზიდენტობის სხვა კანდიდატების მოსაზრებებს ამავე საკითხებზე შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულებზე:

დავით უსუფაშვილი: გონივრული ურბანიზაციით ქართული სოფლის დაცარიელების არსებულ ტენდენციას დავძლევთ

კახა კუკავა: ქვეყანას არ სჭირდება შსს იმ ფორმით, როგორიც დღეს გვაქვს. ეს ფუნქცია თვითმმართველობებზე უნდა გადანაწილდეს

“მოსახლეობის ჩართულობა პირობითი ცნებაა” – რას ფიქრობს პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე თვითმმართველობასა და დეცენტრალიზაციაზე