იღუმენი: მეტალოპლასტმასის ფანჯრებზე პასუხისმგებლობას ვიღებ, კედელი სააგენტომ ამოაშენა

1311

წინა სტატია

სტატია მომზადებულია “სამხრეთის კარიბჭის” მიერ

ავტორი: თინათინ ზაზაძე

ვანის ქვაბებში მონასტრის წინამძღვარი ამბობს, რომ ძეგლზე მეტალოპლასტმასის კარ–ფანჯრები მან ჩასვა, სატრაპეზოს კედელი კი 2012 წელს, სააგენტოს ნებართვით აშენდა. სააგენტოში კი ვერც ყოფილი და ვერც ამჟამიდელი ხელმძღვანელი ნებართვის გაცემის ფაქტს ვერ იხსენებს.

“სატრაპეზოს კედელი არ არის ჩვენს მიერ გაკეთებული. კი ვთქვი ამოვაშენეთ–მეთქი, მაგრამ ვიგულისხმე, რომ ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან შეთანხმებით გაკეთდა. მათ გარეშე არაფერი კეთდება. შალვა მელიქიძე იყო მაშინ არქიტექტორი და ზედამხედველობას კახა ზაზაძე, ამჟამად ვარძიის მუზეუმის ხელმძღვანელი ვინცაა ის უწევდა“, – ამბობს ვანის ქვაბებში მონასტრის წინამღვარი, იღუმენი მათე ვაშაყმაძე და ამატებს, რომ სააგენტოს კედლის ამოშენება თავად სთხოვა – “იმ ადგილში, სადაც ახლა სატრაპეზოა, დიდი რაოდენობით წყალი გროვდებოდა და ქვაბული ინესტებოდა. ამიტომ დაგვეთანხმნენ და განახორციელეს. მაშინ ძეგლზე მოაჯირებიც გააკეთეს. კედლის ამოშენების შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს მასალა [მეტალოპლასტმასის კარე–ფანჯარა] ჩაგვესვა. აქ ძალიან სველი და ნესტიანი ადგილია. ხის მასალა ადვილად ფორმირებადია, იჟღინთება, მერე აღარც იღება და აღაც იკეტება“.

ვანის ქვებებში სასულიერო პირებმა მეტალოპლასტმასის კარ–ფანჯრები 2012 წელს ჩასვეს. ამ პერიოდში ვარძიის მუზეუმის დრექტორი კახაბერ ზაზაძე იმ კომპანიაში მუშაობდა, რომელმაც ვანის ქვაბებში სარეაბილიტაციო სამუშაობი შეასრულა. მისი თქმით, სატრაპეზოზე კედელი სააგენტოს ნებართვის გაცემის შემდეგ გაკეთდა: „ამ ადგილზე მანამდეც იყო კედელი, მაგრამ დანგრეული იყო, უბრალოდ აღვადგინეთ. ამ დროს წმინდა გიორგის ეკლესიამდე ასასვლელი მოაჯირებიც გაკეთდა. სამუშაოები შპს “არქიტექსმა“ შეასრულა“.

იგივეს აცხადებს სატელეფონო საუბარიში “სამხრეთის კარიბჭესთან“ კომპანია “არქიტექსის“ ხელმძღვანელი შალვა მელიქიძე: “ძეგლთა დაცვის საგენტოს პროექტი იყო. მანდ იყო ძველი კედლის ნარჩენი. ოდითგანვე მანდ რაღაც სათავსოც იყო. არსებული კედელი აღვადგინეთ ჩვენ მხოლოდ“.

კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე ამავე უწყებაში 2002 წლიდან მუშაობს. 2014 წლის თბერვლიდან მას დირექტორის პოზიცია უკავია. ანთიძე ამბობს, რომ არც კედლის ამოშენებაზე და არც ფანჯრების ჩასმაზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია: “ზუსტად არ მახსოვს კედლის მშენებლობა, მაგრამ ჩვენი გაკეთებული რომ არ არის ნამდვილად ვიცი. რაც მე ხელმძღვანელი ვარ, ძეგლთა დაცვას ეგ არ გაუკეთებია. ადრე სასულიერო პირები ნებართვას არ თხოულობდნენ. დღეს ეკლესია და ჩვენ ერთ ხაზზე ვართ. შეთანხმებულები ვართ, რომ ამის მერე ასეთი თვითნებობები აღარ იქნება და პირიქით, ჩვენ დავეხმარებით იმაში, რომ სასულიერო პირებს იქ ცხოვრების შესაძლებლობა ჰქონდეთ“.

კედლის ამოშენებაზე ნებართვის გაცემის ფაქტს ვერც ანთიძის წინამორბედი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი იხსენებს: “2012 წელს ვანის ქვაბებში გავამაგრეთ გალავანი და გავაკეთეთ ოთახი დარაჯისთვის. კედელი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ამოშენდა თუ არა არ მახსოვს. იმდენი ნებართვა გადიოდა დღეში, ზუსტად ვერ ვიხსენებ. მაშინ მეუფე წარმოადგენდა–ხოლმე პროექტს, საბჭო განიხილავდა და გასცემდა ნებართვას. როგორც მახსოვს მეუფემ გააკეთა და შეგვითანხმა პროექტი, მაგრამ იქ რაზე იყო საუბარი დეტალები არ მახსოვს. მონასტრის თანხები იყო. პირობები შეიქმნა იმისთვის რომ იქ ორი ბერი ყოფილიყო“.

ვაჩეიშვილი მომხდარში პრობლემას ვერ ხედავს. მისი თქმით, ბერებმა მეტალოპლასტმასის კარ–ფანჯრები ვანის ქვაბებში დროებით, ძეგლის სრულ რეაბილიტაციამდე ჩასვეს: „ორი თვით ჩასვეს ბერებმა მეტალოპლასტმასის ფანჯრები, წარმოიდგინე სახლში რემონტი გაქვს და დროებით ჭაღის ნაცვლად უბრალო ნათურა დააყენო, რა მოხდა მერე?! მეტალოპლასტმასს ნუ კი დარდობთ თქვენ, ის იდარდეთ, რომ სახელმწიფო არ ამუშავებს რეაბილიტაციის და კონსერვაციის პროექტს, თავზე გენგრევათ ძეგლი, ჩემი პოზიცია ეს არის“.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტის ქეთი ბებიაშვილის თქმით, ეროვნული მნიშვნელობის ისტორიულ ძეგლზე კანონდარღვევით მშენებლობის წარმოება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექისის 88–ე მუხლის მიხედვით, 12 000 ლარით ჯარიმდება.

“დაჯარიმება სააგენტოს თვითმიზანი არ არის. ჩვენ ვიცოდით, რომ გარკვეული კანონგადაცდომა იყო, ვთხოვეთ და გაითვალისიწინეს, იქ სხვა მსგავსი ფაქტი აღარ განმეორებულა. ძეგლის რესტავრაცია რომ დაიწყება, ამას გამოვასწორებთ, ასევე ბერების საცხოვრებელიც აშენდება“, – გვითხრა ანთიძემ.

“სამხრეთის კარიბჭემ” ინფორმაცია იმის შესახებ, გაიცა თუ არა ნებართვა ვანის ქვაბებში სატრაპეზოს კედლის ამოშენებაზე, წერილობით გამოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით, ერთი თვეა, რაც გახშირებული ქვათაცვენის გამო ვანის ქვაბების სამონასტრო კომპლექსი ვიზიტორებისთვის დაიკეტა. მონასტრის წინამძღვარი მათე ამბობს, რომ სრულად სამონასტრო კომპლექსის მხოლოდ ის ადგილი უნდა დაიკეტოს, სადაც ქვაბულებია, ეკლესიამდე მისვლა კი ყველას უნდა შეეძლოს, მათ შორის ტურისტებსაც.

ვანის ქვაბები VIII-XVI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისა და კულტურის ძეგლია. ის ასპინძიდან 27 კმ-ში სოფელ თმოგვის სამხრეთ-დასავლეთით, ზღვის დონიდან 1386 მეტრზე მდებარეობს.