კალაძე: ვგეგმავთ, თბილისს ჰქონდეს საკუთარი ბრენდის ავტობუსები

897

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ “მწვანე ეკონომიკის“ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი ეტაპის პრეზენტაცია “მწვანე პოლიტიკა – ეკონტრანსპორტი” გამართეს. სადაც მერმა განაცხადა, რომ ავტობუსებისთვის იგეგმება შეიქმნას სპეციალური ვიზუალი და თბილისს საკუთარი ბრენდის ავტობუსები ჰყავდეს.

კალაძის თქმით, 2019 წლის ბოლომდე სრულად ჩანაცვლდება დღეს არსებული ე.წ. ყვითელი ავტობუსები.

“ჩვენ უკვე მუშაობა დაწყებული გვაქვს და ჩანაცვლდება, დაახლოებით, 550 ავტობუსი. საუბარია 3 ტიპის ავტობუსზე – დიზელზე მომუშავე “ერვო 6-ის“ ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსზე, არის SNG გაზზე მომუშავე ავტობუსები და ელექტროავტობუსები.

რამდენიმე დღის წინ ვიყავი კომპანია MAN-ის ოფისში და ვგეგმავთ, რომ თბილისის ავტობუსებისთვის შეიქმნას სპეციალური ვიზუალი და იყოს ბრენდირებული ანუ თბილისს ჰქონდეს საკუთარი ბრენდის ავტობუსები. MAN-ის ტიპის ავტობუსებში ვაყენებთ უფასო ინტერნეტსაც“, – განაცხადა  კახა კალაძემ.

მერის თქმით, 2020 წლიდან დედაქალაქში 18 მეტრიანი 200-მდე ელექტროავტობუსი იმოძრავებს.

შეგახსენებთ, რომ მერია 2019 წლის ბოლოსთვის ყვითელი ავტობუსების სრულად ჩანაცვლებას გეგმავს. ამასთან, უკვე შეძენილია 90 ავტობუსი, ხოლო 220 ავტობუსის შეძენაზე ტენდერი თვის ბოლომდე გამოცხადდება.

ასევე, ცნობილია, რომ ახალ ავტობუსებში უფასო WI FI დამონტაჟდება. ხოლო, შარტავასა და კოსტავას ქუჩებზე სპეციალური შუქნიშნებს დააყენებენ, რომელიც ჯერ ავტობუსს გაატარებს და შემდეგ კერძო ავტომობილს.

აღსანიშნავია, რომ ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის გამო, თბილისში 200-მდე მიკროავტობუსი და 100-მდე ავტობუსი გაჩერებულია.

დედაქალაქს ჯამში 900 ავტობუსი ეყოლება, ხოლო ყოველდღიურად ხაზებზე 750 იმოძრავებს.

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის ინფორმაციით, დღეს დედაქალაქში 105 ავტობუსის, ხოლო 190-მდე მიკროავტობუსის ხაზია. მისივე თქმით, თბილისში 1 800 მიკროავტობუსი და 540 ავტობუსი მოძრაობს.