გორში გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია წლის ბოლოს დასრულდება

643

წინა სტატია

გორში გოგებაშვილის ქუჩაზე 1 135 236 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები მეოთხე თვეა მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

სარეაბილიტაციო პროექტი გოგებაშვილი ქუჩის მონაკვეთის (კახნიაშვილის ქუჩიდან 26 მაისის სანაპირომდე), საკათედრო ტაძრის მიმდებარე მოედნისა და საკანალიზაციო ქსელის მოწყობას ითვალისწინებს.

სამუშაოებს, რომლებსაც დეპუტატ იოსებ მაკრახიძის მეუღლის ციცინო კალანდაძის კომპანია  შპს “შარა“ აწარმოებს, ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.

“უკვე მოეწყო საკანალიზაციო ქსელი, რომლის არარსებობა დღემდე პრობლემებს უქმნიდა გოგებაშვილის ქუჩის მოსახლეობას. სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება. მე-2 საჯარო სკოლასთან, რომელიც აღნიშნულ ქუჩაზე მდებარეობს, ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით მოეწყობა სიჩქარის შემზღუდავი ბარიერებიც. რამდენიმე თვეში ჩვენს ქალაქს კიდევ ერთი ლამაზი ქუჩა შეემეტება.“ – გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ  აუქციონის გარეშე შპს “იბოლიამ“ და შპს “შარამ“, რომელიც დეპუტატის იოსებ მაკრახიძის მეუღლეს ციცინო კალანდაძეს ეკუთვნის, გორში სამი დიდი ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერშიც გაიმარჯვა.

მაკრახიძისა და მისი ოჯახის წევრების მიერ მუნიციპალიტეტში მოგებულ ტენდერებთან დაკავშირებით 2017 წელს სტუდია “მონიტორმა” საგამოძიებო ფილმიც გამოაქვეყნა.