სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციასა და მერიებში წინასაარჩევნოდ შვებულებით 192 თანამშრომელი სარგებლობს

წინა სტატია

სტატია მომზადებულია “სამხრეთის კარიბჭის” მიერ

ავტორი: ლუბა გიორგაძე

2 და 3 ოქტომბერს, როცა სალომე ზურაბიშვილი სამცხე–ჯავახეთში შეხვედრებს მართავდა, სამხარეო ადმინისტრაციიდან და მერიებიდან შვებულებაში 80–ზე მეტი თანამშრომელი იყო. ამავე უწყებებში, წინასაარჩევნო პერიოდში კი, სხვადასხვა დროს, შვებულებაში 192 თანამშრომელი გავიდა.

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი სამცხე–ჯავახეთს 2 და 3 ოქტომბერს სტუმრობდა. პირველ დღეს იგი ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ასპინძაში იმყოფებოდა.

ამ პერიოდში შვებულებაში ნინოწმინდის მერიიდან 15 თანამშრომელი იყო. აქედან მხოლოდ ორ ოქტომბერს, ერთდღიანი შვებულება 10 თანამშრომელს ჰქონდა. მათ შორის ერთ–ერთი კულტურის სამსახურის უფროსი ჟორა სნხჩიანი იყო. ნინოწმინდის მერიიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდში შვებულებით სულ 33 თანამშრომელი სარგებლობს.

ახალქალაქის მერიიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე იმის შესახებ, თუ რამდენმა თანამშრომელმა ისარგებლა შვებულებით ორ ოქტომბერს, პასუხი ვერ მივიღეთ. თვითმმართველობიდან მხოლოდ ის მოგვწერეს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, 29 აგვისტოდან 28 ოქტომბრის ჩათვლით, შვებულებით ჯამში 36 თანამშრომელი სარგებლობს.

ორ ოქტომბერს, სალომე ზურაბიშვილის ასპინძაში ყოფნის დროს, მუნიციპალიტეტის მერიიდან შვებულებაში სამი თანამშრომელი იყო, თუმცა სამივე მათგანი გრძელვადიანი შვებულებით სარგებლობდა. წინასაარჩევნო პერიოდში კი შვებულებაში სხვადასხვა დროს 15 თანამშრომელი გავიდა.

სამ ოქტომბერს შეხვდა ამომრჩევლებს სალომე ზურაბიშვილი ბორჯომსა და ადიგენში. ამ დღეს ადიგენის მერიაში შვებულებით ხუთმა თანამშრომელმა ისარგებლა. წინასაარჩევნო პერიოდში ადიგენის მერიიდან შვებულება სხვადასხვა დროს 23–მა თანამშომელმა აიღო.

ბორჯომის მერიიდან, სამ ოქტომბერს, შვებულებაში 12 თანამშრომელი იყო, თუმცა ყველა მათგანს აღებული ხანგრძლივვადიანი შვებულება ჰქონდა. წინასაარჩევნო პერიოდში კი სხვადასხვა დროს, შვებულება გაწერილი 34 თანამშრომელს აქვს.

რაც შეეხება სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციას, აქ ორ და სამ ოქტომბერს, როცა პრეზიდენტობის კანდიდატი რეგიონში იყო, შვებულებით სამმა თანამშრომელმა – რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელმა მარინა გაჩეჩილაძემ, სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსმა არჩილ ღაღანიძემ და გუბერნატორის მოადგილემ გიორგი მიქელაძემ – ისარგებლა. 29 აგვისტოდან დღემდე სამხარეო ადმინისტრაციიდან შვებულებაში 11 თანამშრომელი გავიდა.

რეგიონის მასშტაბით, ზურაბიშვილის ვიზიტის დროს, ყველაზე მეტი თანამშრომელი შვებულებით ახალციხის მერიაში სარგებლობდა. აქ სამ ოქტომბერს, მხოლოდ ერთი დღით, შვებულება 20–მა თანამშრომელმა აიღო, ამავე დღეს კი სხვადასხვა ვადით შვებულებაში გასული კიდევ 20 თანამშრომელი იყო.

მსგავსი სიახლეები