თბილისში ყოველდღიურად 750 ავტობუსი იმოძრავებს

1512

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ  დედაქალაქს ჯამში 900 ავტობუსი ეყოლება, ხოლო ყოველდღიურად ხაზებზე 750 იმოძრავებს.

მისივე ინფორმაციით, დედაქალაქს უახლოეს მომავალში 90 ავტობუსი დაემატება, 220 ავტობუსის შესყიდვაზე კი ტენდერი გამოცხადდება.

“2019 წლის ბოლომე გვეყოლება სრულად განახლებული ავტობუსების პარკი, ხოლო 900-მდე ავტობუსი 2020 წლის მეორე კვარტლამდე. თუ მიკროავტობუსების ნაწილში განახლება არ მოხდა, თუ მათ კომფორტი ვერ შესთავაზეს მოსახლეობას, ეს 900 ერთეულიც შესაძლოა გაიზარდოს“, – განაცხადა მუმლაძემ.

მუმლაძის თქმით, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხაზებიც შეიცვლება.

“კონკრეტული ხაზები უნდა გადალაგდეს და დერეფნები უნდა შეიცვალოს. “სისტრამ” ჩაატარა კვლევა, გამოკითხა ადამიანები და აქვს მონაცემები, თუ რით გადაადგილდებიან ისინი თავიანთი უბნებიდან.. ამ მონაცემებზე დაყრდნობით კეთდება კორიდორები, რომ იყოს მაქსიმალური მომსახურებები, რაზე დაყრდნობითაც აეწყობა ახალი სამარშრუტო ქსელი.  “სისტრას” მომავალი წლის მეორე კვარტლამდე აქვს ვადა, რომ წარმოადგინოს განახლებული სატრანსპორტო ქსელი, რომეზეც ჩვენ ავეწყობით ეტაპობრივად და მივცემთ იმ მომსახურებას, რომელსაც ითხოვენ“, – განაცხადა მუმლაძემ.

ასევე, შარტავასა და კოსტავას ქუჩებზე სპეციალური შუქნიშნები დამონტაჟდება, რომლებიც ჯერ ავტობუსს გაატარებს და შემდეგ კერძო ავტომობილს.

მუმლაძის ინფორმაციით, დღეს დედაქალაქში 105 ავტობუსის, ხოლო 190-მდე მიკროავტობუსის ხაზია. მისივე თქმით, თბილისში 1 800 მიკროავტობუსი და 540 ავტობუსი მოძრაობს.

მუმლაძის განმარტებით, ამ ეტაპისთვის  სამარშუტო ტაქსების  მოძრაობის შეზღუდვა საავტობუსო ზოლზე არ იგეგმება, ვინაიდან ავტობუსების რაოდენობა არ არის საკმარისი.

მისი თქმით, ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის გამო, თბილისში 200-მდე მიკროავტობუსი და 100-მდე ავტობუსი გაჩერებულია.

ამასთან, ცნობილია, რომ ახალ ავტობუსებში უფასო WI-FI დამონტაჟდება.