ზუგდიდის მერიის თანამშრომელი ზურაბიშვილის ვიდეოზე: ერთი სული მქონდა გამეზიარებინა

883

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელმა ფეისბუკზე საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერი ვიდეორგოლი გააზიარა. ა(ა)იპ “ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ თანამშრომელმა თემურ კიკალეიშვილმა სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო ვიდეო მისივე საარჩევნო სლოგანით – “ერთად საქართველოსთვის“ გუშინ დღის 1 საათსა და 15 წუთზე გააზიარა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ მიიჩნევს, რომ ფაქტით საოლქო საარჩევნო კომისია უნდა დაინტერესდეს. ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის კოორდინატორ არჩილ თოდუას შეფასებით, სამუშაო საათებში სოციალური ქსელის მეშვეობით რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის სააგიტაციო მასალის გავრცელება არის კანონდარღვევა.

“საარჩევნო კომისიამ უნდა შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი. ასევე, იმყოფებოდა თუ არა ეს პირი შვებულებაში. თუმცა საარჩევნო კომისიას სამუშაო საათებში მოხელის მიერ სოციალურ ქსელში სააგიტაციო მასალის გავრცელება დარღვევად მაშინ მიაჩნია, როდესაც იგი იყენებს სამსახურის კომპიუტერს, ტელეფონს ან ინტერნეტს, რასაც ჩვენი ორგანიზაცია არ ეთანხმება“, – განაცხადა არჩილ თოდუამ.

თავად თემურ კიკალეიშვილი ირწმუნება, რომ ვიდეო შესვენებისას გამოაქვეყნა და კანონი არ დაურღვევია.

“ეს ვიდეო დაიდო დილით. ერთი სული მქონდა გამეზიარებინა, მაგრამ დაველოდე შესვენებას. ვიდეო გაზიარებული მაქვს ზუსტად ორის თხუთმეტ წუთზე. არ დამირღვევია კანონი“, – აცხადებს კიკალეიშვილი.