ცქიტიშვილი: სატენდერო პროცედურების დარღვევით, გამარჯვებულად ვერავის გამოვაცხადებთ

1127

წინა სტატია

“მთავარია კანონის დაცვა, სატენდერო პროცედურების დარღვევით, ჩვენ ვერ გამოვაცხადებთ გამარჯვებულად ვერავის, იმის მიუხედავად ბიუჯეტი გვაქვს თუ არა შესასრულებელი”, – ასე პასუხობს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი 2018 წლის ბიუჯეტის ათვისების შესახებ დასმულ შეკითხვას. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტით, რიკოთის გზის პროექტები მეოთხე კვარტალშია გათვალისწინებული და ამ პროექტთან მიმართებაში აბსოლუტურად არასწორია ბიუჯეტის შეუსრულებლობაზე საუბარი.

მისივე თქმით, რიკოთის სამ მონაკვეთზე, ტენდერები უკვე გაიხსნა, ამჟამად მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცედურა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დადგენილი პროცედრების დაცვით, ასევე დონორებთან გამარჯვებულად გამოვლენილი კონტრაქტორების შეთანხმება ხდება.

“ამ პროცედურების გავლის შემდეგ გაირკვევა, სამივე კონტრაქტი რამდენად შედგება. ვიმედოვნებ, რომ წლის ბოლომდეა გათვალისწინებული ამ ეტაპის დასრულება, თუმცა როგორც გითხარით, ეს არ არის მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული, ვმუშაობთ დონორებთან და კონტრაქტორებთან ერთად“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.