უსახლკაროები სახლების მოლოდინში და დაკეტილი სოციალური სახლი ქედაში (ვიდეო)

1165

ქედაში 55 ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულ პირობებში ცხოვრობს. 55-ვე მათგანი განსახლების მოლოდინშია. ამ ფონზე კი ჩაკეტილია სოციალური სახლი, რომელიც უსახლკარო სტატუსის მქონე მოქალაქეებისთვის აშენდა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

დაბა ქედაში, მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარედ, უსახლკარო სტატუსის მქონე ოჯახებისთვის აშენებული საცხოვრებელი სახლი, რომელიც მიმდინარე წლის მაისის თვეში ჩაბარდა ამ დრომდე დაკეტილია. ბინის მიღებას კი ქედაში მცხოვრები 55 – მდე ოჯახი ელოდება.

საცხოვრებელი სახლების მოლოდინშია სოფელ ქვედა აგარაში მცხოვრები ოჯახებიც. უსაფრთხო გარემოში ცხოვრების მოთხოვნით, სოფლის მოსახლეობა ქედის მერს, ლევან გორგილაძეს კიდევ ერთხელ შეხვდა და კონსტიტუციით მინიჭებული უფლების დროული აღსრულება სთხოვა.

სოფელი ქვედა აგარა გეოლოგიურად აქტიური ზონაა. მეწყრული პროცესების შედეგად აქ, ქვათა ცვენა განსაკუთრებით ხშირია. ის, რომ ადამიანებს არსებობა საფრთხს შემცველ გარემოში უწევს, ამას სხვადასხვა წელსა და პეროდში, სპეციალისტების მიერ დაწერილი გეოლოგიური დასკვნებიც ადასტურებს.

ქვათა ცვენისა, თუ მეწყრული პროცესების გამო ქვედა აგარაში საცხოვრებელი სახლები დაბზარულია. ნაპრალები, თუ ბზარები მთავარ საყრდენ კედლებსა და საძირკველზე თითქმის ყველა სახლზე შენიშნება. ადგილობრივები, ამბობენ, რომ განსაკუთრებით რთული ვითარებაა ზამთარში, უხვი ნალექის დროს.

კითხვაზე – რატომ დარჩა უფუნქციოდ, რამდენიმე თვის წინ ჩაბარებული საცხოვრებელი სახლი დღემდე? მაშინ, როდესაც საცხოვრებელი ფართობის პრობლემა ქედაში ბევრ ოჯახს აწუხებს, მერი აცხადებს, რომ სპეციალური კომისია იმ ოჯახების მდგომარეობას სწავლობს, რომლებმაც ბინით უზრუნველყობის მოთხოვნით მიმართეს.

მერის ინფორმაცით, ქვედა აგარაში მცხოვრები ოჯახებისთვის სოციალური სახლი აშენდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1 530 378 ლარია გამოყოფილი.

როდის დაიწყება სოციალური სახლის მშენებლობა ეს სახელმწიფო შესყიდვებისა და ქედის მერიის დროულ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.