ახალციხის მერიის შვებულებაში ერთდროულად გასული 40 თანამშრომელი ზურაბიშვილთან შეხვედრას დაესწრო

1537

სტატია მომზადებულია “სამხრეთის კარიბჭის” მიერ

ავტორი: ლუბა გიორგაძე

სამ ოქტომბერს, როცა სალომე ზურაბიშვილმა ახალციხეში წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა, ახალციხის მერიაში ერთდღიანი შვებულებით 20–მა თანამშრომელმა ისარგებლა. ამავე დღეს, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ვადით, შვებულებაში გასული კიდევ 20 თანამშრომელი იყო.

ახალციხის მერიიდან გამოთხოვილი წერილიდან ირკვევა, რომ სამ ოქტომბერს, როცა “ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდბელი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ახალციხეში, მესხეთის სახელმწიფო თეატრში ამომრჩეველს შეხვდა, მერიიდან ერთდღიანი შვებულებით 20 თანამშრომელი სარგებლობდა. მათ შორის ერთ-ერთი ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელი ილია ზარდიაშვილი იყო. იგი “სამხრეთის კარიბჭემ“ მესხეთის თეატრში ზურაბიშვილის შეხვედრაზე ჩაწერა. მაშინ ზარდიაშვილმა გვითხრა, რომ “შვებულება ავტომობილის პროფილაქტიკაში წასაყვანად აიღო და ამ საქმეს პრეზიდენტობის კანდიდატთან შეხვედრაც შეუთავსა“.

კიდევ ერთი, ვინც სამ ოქტომბერს შვებულებით ისარგებლა საქმის წარმოების განყოფილების ხელმძღვანელი ნანა თარხნიშვილია. დანარჩენი 18 კი ქალაქსა და სოფლებში მერის წარმომადგენლები არიან.

ანდრიაწმინდაში მერის წარმომადგენელმა დავით ინასარიძემ და ვალეში მერის წარმომადგენელმა ელიოზ ბარბლიშვილმა გვითხრეს, რომ სამ ოქტომბერს შვებულება პირადი საქმეებისთვის აიღეს, “სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე კი ცოტა ხნით შეირბინეს“.

მერიიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, სამ ოქტომბერს, შვებულებაში იყო მერის წარმომადგენელი ურაველში ემზარ ოქრომელიძეც: “ნინოწმინდაში ფუტკარი მყავს, დილით ადრე წავედი და ღამის 12:00 საათზე ჩამოვედი. ზურაბიშვილთან შეხვედრაზე არ ვყოფილვარ“, – გვითხრა მან სატელეფონო საუბარში, თუმცა ოქრომელიძე “სამხრეთის კარიბჭემ“ სამ ოქტომბერს ზურაბიშვილთან შეხვედრის დაწყებამდე თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირა.

საძელში მერის წარმომადგენელი მარტუნ პეტროსიანი ირწმუნება, რომ სამ ოქტომბერს შვებულებით არ უსარგებლია: “ამ დღეს სოფელში ვიყავი სულ და საქმეს ვაკეთბდი. შვებულება არ ამიღია“. მერიიდან მიღებულ წერილში კი მითითებულია, რომ ამ დღეს პეტროსიანი შვებულებაში იმყოფებოდა.

ახალციხის მერიაში 129 თანამშრომელია. მათ შორის 70 თანამშრომელი, წინასაარჩევნო პერიოდში, 29 აგვისტოდან 28 ოქტომბრის ჩათვლით, შვებულებით სხვადასხვა დროს სარგებლობს. 70–დან, სამ ოქტომბერს, 20–მა ერთდღიანი შვებულება დაწერა, ამავე დღეს კი ხანგრძლივი შვებულებით უკვე 20 თანამშრომელი სარგებლოდა, ანუ ერთდროულად მერიიდან შვებულებაში 40 პირი იყო.

“არ ვიცი, 40 თანამშრომელია? აქვთ მათ შვებულების უფლება და თან თუ გადაუდებელია რა უნდა გავაკეთო, უნდა გავუშვა“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ. ჩვენ შეკითხვაზე, ფერხდება თუ არა სამუშაო პროცესი, როცა 40 თანამშრომელი ერთდროულად შვებულებაშია, გვიპასუხა: “ვერ გავიგე, თქვენი აღარ მესმი ძალიან ცუდ ადგილას ვარ“.

იურისტები ამბობენ, რომ იმ დღეს, როცა მმართველი გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატი ამომრჩევლებს ხვდება და მერიიდან ერთდღიანი შვებულებით ერთდროულად 20 თანამშრომელი სარგებლობს, დანარჩენი 20 კი უკვე შვებულებაშია, ეს ადმინსიტრაციული რესურსის ირიბი გამოყენებაა.

“წინასაარჩევნო პერიოდში ასეთი ფაქტები ხდება მთელ საქართველოში და არამარტო ახალციხეში. ეს პირდაპირ კანონდარღვევას არ წარმოადგენენ, რადგან შვებულებაში არიან და ისე ესწრებიან კანდიდატის შეხვედრას, მაგრამ საჯარო სამსახურში კანონის ამ ჩანაწერს მანკიერად იყენებენ, ასე კი ირიბად ხდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება“, – ამბობს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ქეთი ბებიაშვილი.