ღამის საათებში ავტომობილების გადაჭარბებული ხმაური, შესაძლოა, დასჯადი გახდეს

827

ღამის საათებში ავტომობილების გადაჭარბებული ხმაური შესაძლოა, დასჯადი გახდეს. ამის შესახებ საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში უკვე წარდგენილია. წინადადების ავტორი მოქალაქე კახა ყურაშვილია. ინფორმაციას ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს.

საკანონმდებლო წინადადების თანახმად, ქალაქში ან დასახლებულ პუნქტში ღამის საათებში მოტოციკლის ან ავტომობილის ძრავის მაქსიმალური სიმძლავრით დატვირთვა, რაც ისეთ ხმაურს იწვევს, რომელიც არღვევს მოსახლეობის სიმშვიდეს და იწვევს მათ შეწუხებას, გამოიწვევს პირის 100 ლარით დაჯარიმებას. ხოლო აღნიშნული დარღვევის ისეთი სატრანსპორტო საშუალებით ჩადენა, რომელსაც მაყუჩი აქვს მოხსნილი, ფიზიკური პირის – 150 ლარით; ხოლო იურიდიული პირის – 250 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

ამასთან, საკანონმდებლო წინადადება გულისხმობს სანქციის დაწესებას მოტოციკლით ან სპორტული ავტომობილით სავალ ნაწილზე შეჯიბრის გამართვის შემთხვევაში. კერძოდ, ქალაქში ან დასახლებულ პუნქტში აღნიშნული ქმედება, რომელიც არღვევს მოსახლეობის სიმშვიდეს, დაისჯება 300 ლარიანი ჯარიმით.

საკანონმდებლო წინადადების თანახმად, ღამის საათებში 23:00 საათიდან 08:00 საათამდე დროის მონაკვეთი იგულისხმება.