ფიქსირდება თუ არა ბაღებისა და სკოლების ეზოებში ტყვიის გადაჭარბება

წინა სტატია

გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, თბილისში მდებარე ბაღებისა და სკოლის ეზოებში ტყვიის გადაჭარბება არ ფიქსირდება. როგორც ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა ნოე მეგრელიშვილმა “საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, ამ დროისთვის 20-მდე სინჯია აღებული, ყველა შემთხვევაში კი ჰაერში ტყვიის შეცველობა ნორმაზე რამდენჯერმე ნაკლებია. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.

“ტყვიით დაბინძურების კუთხით არანაირი პრობლემა არ არის, უფრო მეტიც რამდენჯერმე მცირეა ნორმაზე. ამას ადასტურებდა წლების განმავლობაში ჩვენს მიერ ჩატარებული სხვადასხვა გაზომვების შედეგებიც, თუმცა საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო გადავწყვიტეთ რომ გავაფართოვოთ ჩვენი მონიტორინგის ქსელი და მეტი უბანი მოვიცვათ.

ვიღებთ სინჯებს როგორც გზის პირას, ასევე ფონურ ადგილებში მაგალითად სკოლებისა და ბაღების ეზოებში და ამ მონაცემებზე დაყრდნობით პრობლემა არ გვაქვს. ფილარომონიასთანაც კი სადაც ძალიან დატვირთულია მოძრაობა ტყვიის კონცენტრაცია ნორმაზე რამდენჯერმე მცირე იყო“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ სააგენტო ჰაერში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით, როგორც მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე, ასევე სპეციალისტების მიერ შერჩეულ კონკრეტულ ადგილებზე ყოველკვირეულ კვლევებს ახორციელებს.

ამასთან, ცნობილია, რომ საქართველოში ყველაზე დაბინძურებული ჰაერი თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და ზესტაფონშია.

მსგავსი სიახლეები