ქალაქისა და თემის გაერთიანების შემდეგ თემის მუნიციპალიტეტში 400-მდე მოხელე გათავისუფლდება

902

ქალაქისა და თვითმმართველი თემის გაერთიანების შემდეგ სამსახურის გარეშე მინიმუმ 400 მოხელე დარჩება.

ამის შესახებ თემის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თეიმურაზ გიგუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმა არა თუ ხარჯების ოპტიმიზაციას, არამედ, ძალაუფლების კონცენტრაციას ითვალისწინებს.

თეიმურაზ გიგუაშვილი სოფელ ტყვიავის მაჟორიტარი წარმომადგენელია და ის კოალიცია ,,ქართულ ოცნებაში” ეროვნული ფორუმიდან იყო.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა რაიონის მუნიციპალიტეტიდან სხდომის ოქმის ასლი მოითხოვა.

გთავაზობთ, სხდომის ოქმის ჩანაწერს:

დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს მომხსენებლის – გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის ლიანა კოვზიაშვილის გამოსვლა, რომელმაც საკრებულოს წევრებს დეტალურად გააცნო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი წინადადება ქალაქ გორისა და გორის მუნიციპალიტეტების გაერთიანების საფუძველზე ახალი მუნიციპალიტეტის შექმნის შესახებ.

აზრი გამოთქვეს:

თეიმურაზ გიგუაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ იგი არ ემხრობა მუნიციპალიტეტების გაერთიანებას და მიაჩნია, რომ ეს მხოლოდ ხორციელდება კადრების ოპტიმიზაციის მიზნით, რაც გამოიწვევს სულ მცირე ოთხასი კაცის შემცირებას, ამდენი ადამიანის უმუშევრად დარჩენა, მის ხარჯზე ბიუჯეტის დაზოგვა და დანაზოგი თანხების ინფრასტრუქტურული პროექტებზე მიმართვა მიუღებლად მიაჩნია, ეს ხარჯების დაზოგვას კი არა მმართველობის ერთ ხელში მოქცევას ემსახურება.

მარლენ ნადირაძემ, (ქართული ოცნება) აღნიშნა, რომ წარმოდგენილ საკითხზე გამოცდილი ექსპერტები მუშაობდნენ და მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხს მათ მიერ დადებული შედეგები უდევს საფუძვლად. მუნიციპალიტეტების გაერთიანების მთავარი მოტივაციაა ფინანსური ოპტიმიზაცია. ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში ამ სახის მოდელები მიღებულია, სადაც ნამდვილად გაამართლა. რაც შეეხება ხუთს პლიუს ერთის მოდელს, რომელიც უნდა დანერგილიყო სამი წლის წინა პერიოდში, ეს ნამდვილად სახელმწიფოების დამანგრეველი მოდელია, მან მხარდაჭერა ვერ მოიპოვა და ამიტომაც არ განხორციელდა.

რაც შეეხება დეცენტრალიზაციას, ის არ ნიშნავს დაქუცმაცებას პატარ-პატარა რგოლებად რომელიც არ არის პრაქტიკასთან ახლოს. ამჟამად მთავარია შემოთავაზებული მოდელის მიხედვით უფლებამოსილებები კიდევ უფრო მეტი გადმოეცეს ცენტრალური ხელისუფლებიდან.

ამ მოდელის დადებითი მხარის მთავარი არგუმენტებია: 1. ხარჯების ოპტიმიზაცია, დაზოგვა; 2. ქონებრივი საკითხების მოგვარება; 3. თვითმმართველ ერთეულების გააქტიურება.

მუნიციპალიტეტების მიზანი უნდა გახდეს თვითმმართველობის კანონის სწორად განხორციელება მუნიცოპალიტეტებში, რომელიც თვისობრივად განსხვავდება ადრე მიღებული კანონისაგან. როდესაც ვსაუბრობთ ქონებრივი საკითხის მოგვარებაზე – ვითვალისწინებთ იმას, რომ ქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს ფუნქციონალურად მსგავსი დაწესებულებები, როგორიცაა საბავშვო ბაღები, მუზეუმები, სპორტსკოლები და დღესაც ვერ ვთანხმდებით მათ ქონებრივ საითხზე, რომლებიც რაიონის ბიუჯეტიდან ფინანსდება.

თვითმმართველობის ერთეულში თუ როგორ უნდა მოხდეს ჩართულობა, მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებზე დამოკიდებულია იმაზე, როგორ ჩამოყალიბდება ადგილებზე მრჩეველთა საბჭოები და მათ მიერ განხილული საკითხები, აუცილებლად უნდა უქნეს განსახილველი საკრებულოებისათვის.

კობა ტლაშაძემ (ნაციონალური მოძრაობა) – აღნიშნა, რომ ორ მუნიციპალიტეტად გაყოფის დროს, რომელიც მოხდა სამი წლის წინ, ბიუჯეტის უმეტესი ნაწილი დარჩა ქალაქის ბიუჯეტში, მაშინ როცა რაიორის მოსახლეობაც და ტერიტორიაც გაცილებით დიდია. მიმაჩნია, რომ გაერთიანების შემთხვევაშიც თანხების არათანაბარი მიმართვა მოხდება და რაიონს არასაკმარისი თანხა მოხმარდება. ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით ვფიქრობ რეგიონალური მუნიციპალიტეტების ჩამოყალიბება უკეთესი იქნება; იგივე აზრს იზიარებს თევდორე ხოსრუაშვილი და გაერთიანებაში დადებითს ვერაფერს ხედავს, გარდა იმისა, რომ ცენტრიდან ადვილად სამართავი იქნება.

თამარ კოდოშვილმა (ამჟამად, დამოუკიდებელი წარმომადგენელი) აღნიშნა, რომ დოკუმენტი, რომელსაც ვიხილავთ არანაირი დემოკრატიული საფუძვლები მასში არ იგულისხმება იგი ძალიან დაუხვეწავია, აკლია სოფლები, ამ დოკუმენტიდან არ ჩანს რამდენი წევრისაგან უნდა შედგებოდეს საკრებულო.

თეიმურაზ აფხაზაშვილმა (ქართული პარტია)
აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტების შეერთებასთან დაკავშირებით დადებითი არგუმენტები ვერ მოვისმინე. თვითმმართველობაზე თუ ვსაუბრობთ სოფლების მხარეების მიხედვით უნდა იყოს შექმნილი, ამდენად ამ მხრივ ხუთს პლიუს ერთი მოდელი ამას გულისხმობდა, როდესაც 12 თვითმმართველი ქალაქი ჩამოყალიბდა ქალაქების სტატუსების მინიჭება მოხდა რეგიონალური პრინციპით და ეს პრინციპი უფრო მოსაწონია, ამჟამად კი ხდება 1800-ით უკან დაბრუნება.

ხათუნა ხათაშვილმა (ყოფილი ,,თავისუფალი დემოკრატი,,)
აღნიშნა, რომ უკეთესი იქნებოდა ექსპერტებთან ერთად მოსახლეობასთან ყოფილიყო ფართო მასშტაბის განხილვა და პროექტის დადებით და უარყოფით მხარეებზე მსჯელობა, ამჟამად მყარი არგუმენტები არ გაგვაჩნია.

კობა ბერიანიძემ (ქართული ოცნება) აღნიშნა, რომ მოსახლეობის მთავარი ინტერესია საქმე გაკეთდეს თავის ტერიტორიაზე, გაერთიანების შემთხვევაშიც ანალოგიურად მის მიერ არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი მათ პრობლემებზე იზრუნებს, მთავარია რომ ბიუჯეტი არ იცვლება და იგივე რჩება, რაც საშუალებას მოგვცემს მოსახლეობის ინტერესები იქნეს დაცული.

ვახტანგ ბერკაცაშვილი (ყოფილი რესპუბლიკელი)
თვლის, რომ ქალაქი და რაიონი მისი სპეციფიკიდან გამომდინარე განსხვავებულია, ამიტომ უკეთესი იქნება თუ ცალ-ცალკე იქნება. ამჟამად შემოთავაზებული მოდელი დღემდე არ ყოფილა, ამდენად არ ვიცით თუ რამდენად გაამართლებს, უკეთესი იქნებოდა თუ განხილვები გაიმართებოდა დაბალ რგოლებში, რის გამოც მოსახლეობის წინაშე უფლება არ მაქვს მხარი დავუჭირო მას.

ნიაზ ნიაზაშვილმა (ქართული ოცნება) მხარი დაუჭირა წარმოდგენილ მოდელს იმ მოტივით, რომ იგი გათვლილია მოსახლეობის ინტერესებიდან.

ზურაბ ყაჯრიშვილს (ქართული ოცნება) მიაჩნია, რომ წარმოდგენილ პროექტით შესაძლებელი იქნება მოსახლეობის პირობების გაუმჯობესება, რადგან მთელი თანხები მოხმარდება ამომრჩევლის მიერ დაყენებული საკითხების გადაჭრას.

ლიანა კოვზიაშვილი (ქართული ოცნება) თვლის, რომ მუნიციპალიტეტების გაერთიანება სასიკეთოდ წაადგება მოსახლეობის ინტერესებს, რადგან თანხა რომელიც გამოთავისუფლდება, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მეტ შესაძლებლობას მოგვცემს.

სხდომის თავმჯდომარემ კონსტანტინე თავზარაშვილმა კენჭისყრაზე დააყენა: – საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის წინაშე დაისვას საკითხი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ოპტიმიზაციის შემდეგ მოდელზე: „ქალაქ გორისა და გორის მუნიციპალიტეტების გაერთიანების და ახალი მუნიციპალიტეტის შექმნა“.

ჩატარდა ღია კენჭისყრა, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო საკრებულოს 27 წევრმა. კენჭისყრის შედეგად აღმოჩნდა: მომხრე 16, წინააღმდეგი 11.

წყარო: საინფრომაციო ცენტრი – შიდა ქართლი