საჩხერის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ახალი შენობა აქვს

1009

საჩხერის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახალი ადმინისტრაციული შენობა აქვს.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი შენობა სრულად არის აღჭურვილი საჭირო ინვენტარითა და კომპიუტერებით. ამასთან, ცენტრში სამუშაო, მოსასვენებელი და ტექნიკური 11 ოთახია გამოყოფილი. ხოლო, გარე პერიმეტრზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განსათავსებლად, სპეციალური სივრცეა მოწყობილი.

ცენტრი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ, ავთანდილ თალაკვაძესთან, საჩხერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატ პაატა კვიჟინაძესთან და საჩხერის მუნიციპალიტეტის მერ ბენიამენ ფალავანდიშვილთან ერთად გახსნა.

ადმინისტრაციის ცნობით, იმერეთის რეგიონის 12–ვე მუნიციპალიტეტს უკვე აქვს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწრაფო დახმარების ცენტრი, აქედან 11–ს ბოლო 3 წლის განმავლობაში შენობები იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით გადაეცა.

“ახალი სასწრაფო-სამედიცინო ცენტრი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. ამ დრომდე არსებულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრს საკუთარი შენობა არ ჰქონდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

2017 წლიდან საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.