ქალები თვითმმართველობაში – გენდერული დისბალანსი სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში

1578

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის მიხედვით სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში თანამდებობის პირთა და საკრებულოს წევრთა უმრავლესობას მამაკაცები წარმოადგენენ. კვლევამ აჩვენა, რომ ქალთა წარმომადგენლობის დონე საკრებულოებში პროცენტული თვალსაზრისით მცირედით შემცირდა.

კვლევის მიზანი იყო, ორგანიზაციას შეედარებინა 2018 წლის აგვისტოს მდგომარეობით ქალთა და მამაკაცთა წარმომადგენლობის მაჩვენებლები რეგიონის მუნიციპალიტეტების მერიებში 2016 წლის აპრილში არსებულ ვითარებასთან, ასევე ქალთა წარმომადგენლობა 2017 და 2014 წლების მოწვევის საკრებულოებში.

ქალთა წარმომადგენლობის დონე პროცენტული თვალსაზრისით მცირედით შემცირდა საკრებულოებში: თუკი 2014 წლის მოწვევის საკრებულოებში ქალი წევრების რაოდენობა 13.33 %-ს შეადგენდა, 2017 წელს არჩეულ  საკრებულობში ქალთა წარმომადგენლობა 12.87 %-ია. 2017 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის საკრებულოებში 303 წევრი აირჩიეს, რომელთაგან 276 მამაკაცი, 39 კი ქალი იყო, 2014 წელს არჩეული 289 წევრიდან 255 მამაკაცი იყო და მხოლოდ 34 ქალი.

2014 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში 10 მუნიციპალიტეტი არსებობდა, თვითმმართველი ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ლიკვიდაციის შემდეგ კი მათი რაოდენობა 9 ერთეულამდე შემცირდა. თუმცა საკრებულოების უმრავლესობაში გაიზარდა წევრების რაოდენობა. სწორედ ამით არის განპირობებული ის გარემობა, რომ საკრებულოს წევრ ქალთა წარმომადგენლობა რაოდენობრივი თვალსაზრისით გაზრდილი, თუმცა საერთო რაოდენობასთან მიმართებაში ერთი პროცენტით შემცირებულია.

ცხრავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და მათი მოადგილეები მამაკაცები არიან, მხოლოდ წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარეს ჰყავს ქალი მოადგილე. ზოგადად საკრებულოების თანამდებობის პირებს შორის 147 მამაკაცია, 20 კი ქალი, რაც თანამდებობის პირთა საერთო რაოდენობის 11.9 პროცენტს შეადგენს.

რეგიონის ცრავე მუნიციპალიტეტის მერი მამაკაცია, მათ 16 მოადგილეს შორის კი მხოლოდ ერთია ქალი მესტიის მერიაში.

რაც შეეხება მერიის სამსახურების უფროსებს, მათი უმრავლესობაც მამაკაცია: 85 სამსახურის უფროსს შორის 65 მამაკაცია, 20 კი ქალი. სამსახურის უფროსებთან დაკავშირებით განსხვავებული მდგომარეობაა სენაკისა და მესტიის მუნიციპალიტეტებში. 2018 წლის აგვისტოს მდგომარეობით, სენაკის მერიის 8 სამსახურის უფროსის პოზიციას ქალები და კაცები თანაბრად იყოფენ. მესტიაში კი როგორც 2016 წელს, ასევე 2018 წელსაც სამსახურის უფროსების უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ და მათი რაოდენობა ორივე შემთხვევაში 5-ია.

კვლევაში პირველადაა წარმოდგენილი ინფორმაცია ადმინისტრაციული ერთეულებში მერის წარმომადგენლების (ე.წ. სოფლის გამგებელი) გენდერული გადანაწილების შესახებ.

რეგიონის 9 მუნიციპალიტეტის მერების 172 წარმომადგენელს შორის 155 მამაკაცია, 17 კი ქალი, რაც საერთო რაოდენობის 9.88%-ს შეადგენს. მხოლოდ მამაკაცი წარმომადგენლები ჰყავთ ადმინისტრაციულ ერთეულებში მესტიის, წალენჯიხის, აბაშის და ფოთის მერებს.