თბილისში თეთრი ფერის გარდა, გარკვეულ შემთხვევაში სხვა ფერის ტაქსებიც იმოძრავებენ

1839

წინა სტატია

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის განცხადებით, თბილისში თეთრი ფერის ტაქსების გარდა, რიგ შემთხვევაში სხვა ფერის ტაქსებიც იმოძრავებენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

როგორც მუმლაძემ განმარტა, მერია ასეთ შესაძლებლობას იმ მოქალაქეებისთვის ტოვებს, რომელთა ძირითად საქმიანობას ტაქსით მომსახურების გაწევა არ წარმოადგენს და კლიენტებს ამ სერვისს ძირითადი სამუშაოს პარალელურად, გარკვეული საათების განმავლობაში სთავაზობენ.

“ეს არის ტაქსების ის კატეგორია, რომლებსაც ტაქსის ვიზუალი დღესაც არ აქვს, მაგრამ კლიენტებს ემსახურებიან. ეს არის ადამიანთა კატეგორია, რომლებიც ტაქსით მომსახურების სერვისს სამსახურში წასვლამდე ან სამსახურის შემდეგ წევენ, კლიენტებს კი მათ „ქოლ ცენტრები“ აწვდიან. ასეთი ადამიანები ბევრნი არიან. არის ასეთი კომპანიებიც, რომლებიც მათთან დარეგისტრირებულ მძღოლებს ეხმარებიან კლიენტების მოზიდვაში.

შესაბამისად, ასეთი ფენისთვის ჩვენ დავტოვეთ შესაძლებლობა, რომ მათ მომსახურება გასწიონ და დავარქვით B კატეგორია. მძღოლს შეუძლია იყოს ბაზარზე ნებისმიერი ფერის მანქანით, უბრალოდ ის ვერ იქნება ტაქსის ვიზუალში, არ ექნება ტაქსის ნიშანი და ვერ ისარგებლებს იმ სიკეთეებით, რითაც სარგებლობენ A კატგორიის მძღოლები: უფასო, მანათობელი ტაქსის ნიშნით, უფასო საპარკინგე ადგილებით, ავტომანქანაზე რეკლამის განთავსებით, მანქანის გადაღებვისა და სალონის ქიმიური წმენდის მომსახურებით“, – განაცხადა მუმლაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული კატეგორიის ტაქსებმაც ლიცენზია უნდა აიღონ.

“B კატეგორიის ტაქსებისთვისაც იქნება მოთხოვნა, რომ მათ რეგისტრაცია გაიარონ და ლიცენზია აიღონ. ნებართვებს იგივე ფორმით აიღებენ, რითაც დღეს A კატეგორიის მძღოლები. თბილისის ტაქსის ვებ-გვერდზე გაჩნდება ელექტრონული ველები, რომლის შევსების შემდეგაც მანქანას კატეგორია მიენიჭება მძღოლის გადაწყვეტილების შესაბამისად. ასევე, ნებართვებს გასცემს იუსტიციის სახლი და რაიონული გამგეობები. რეგულაცია 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება.

რაც შეეხება ლიცენზიის აღების საფასურს, იგივე იქნება B კატეგორიის ლიცენზიის აღების საფასურიც. ჩვეულებრივი შიდაწვისძრავიანი ავტომობილებისთვის 100 ლარი, ჰიბრიდებისთვის 50 ლარი, ხოლო ელექტროავტომობილებისთვის უფასო. ასევე მოთხოვნა იქნება, რომ ლიცენზია მძღოლმა ავტომანქანაში გამოაკრას. ხოლო ლიცენზიის პირობების დარღვევისთვის მძღოლი ამ შემთხვევაშიც დაჯარიმდება. მონიტორინგს საპატრულო პოლიცია განახორციელებს“, – განაცხადა მამუკა მუმლაძემ.

21 აგვისტოდან იუსტიციის სახლი ტაქსით მომსახურების გაწევის მსურველთათვის ნებართვებს გასცემს. პირველი ოქტომბრიდან არალიცენზირებულ ტაქსებს მგზავრთა გადაყვანა აეკრძალათ, თუმცა ლიცენზიის გაცემაგრძელდება. 12 ოქტომბრის მონაცემებით, უკვე გაცემულია 18 215 ნებართვა. ამასთან, არარეგისტრირებული ტაქსი ჯარიმდება 200 ლარით.

თბილისის მასშტაბით 250-მდე საპარკინგე ადგილი სპეციალურად ტაქსებისთვის გამოიყოფა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1 ოქტომბრიდან, დედაქალაქში ყველა ტაქსი ერთი ფერის – თეთრი იქნება, ტაქსის მძღოლებს ავტომანქანის თეთრად გადაღებვის შემთხვევაში მანქანის პასპორტის შეცვლაც მოუწევთ, რომელიც 35 ლარი დაუჯდებათ.

ხოლო, ტაქსის მძღოლს, რომელიც შესაბამის ლიცენზიას 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით აიღებს, ასევე, გავლილი ექნება ტექნიკური ინსპექტირება, ეყოლება მარცხენასაჭიანი და 4 კარიანი ავტომობილი, უსასყიდლოდ გადაცემენ ავტომანქანის თეთრად შეღებვის ვაუჩერს.

ასევე, ცნობილია, რომ ტაქსის მძღოლებმა 2 წლით მანქანაზე იმ კომპანიის რეკლამა უნდა განათავსონ, რომელიც გადაღებვის ვაუჩერს გადასცემთ. 2019 წლის ოქტომბრიდან კი მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ავტომობილებით ტაქსის მომსახურება აიკრძალება.

“საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილის ინიციატივით, ნასამართლევ პირებს, შესაძლოა, ტაქსის მძღოლობა აეკრძალოთ.