ქობულეთის მერია 2 წელია სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს

725

ქობულეთის მერიას მუსლიმთა პანსიონში წყლისა და კანალიზაციის სისტემა არ შეჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტს, 2016 წელს, სასამართლომ საკუთარი მოვალეობების ჯეროვნად შესრულება დისკრიმინაციის გარეშე დაავალა. დღეს გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ჯუმბერ ბეჟანიძემ სარეზოლუციო ნაწილი რამდენიმე საათის წინ გამოაცხადა. სხდომას მხარეები არ ესწრებოდნენ.

2016 წლის 19 სექტემბერს ”ქობულეთის პანსიონის საქმეზე” დისკრიმინაციის ფაქტი ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაადგინა. გასაჩივრების შემდეგ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა .

ქობულეთის მერია სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებდა, ამიტომ საქმის ხელახალი წარმოება დაიწყო.

სასამართლოში სარჩელი ამჯერად სახალხო დამცველმა შეიტანა. ქობულეთის მერია პირველი საჯარო უწყებაა, რომელსაც რეკომენდაციის შეუსრულებლობის გამო, ომბუდსმენის აპარატმა უჩივლა.

შეგახსენებთ, რომ პანსიონის გახსნის საშუალება ადგილობრივმა მოსახლეობამ მუსლიმ თემს 2014 წელს არ მისცა. მაშინ შენობაზე პროტესტის ნიშნად ღორის თავი მიაჭედეს.