გორის მერის გადადგომის მოთხოვნით მოქალაქეებმა მანიფესტი მოამზადეს

1229

წინს სტატია

“გადადგეს გორის მერი – კონსტანტინე თავზარაშვილი!”, – სწორედ ამ სახელწოდებით მოამზადეს მოქალაქეებმა მანიფესტი, რომელსაც ამ ეტაპზე 652 ხელმოწერა აქვს.

როგორც მანიფესტში განმარტავენ, გორის მერის სკანდალურმა განცხადებამ საზოგადოებისა და პოლიტიკოსების გაღიზიანება გამოიწვია. ოპოზიცია კონსტანტინე თავზარაშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ითხოვს. მაღალი თანამდებობის პირმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე 2008 წელს ომის დაწყებაში საქართველო დაადანაშაულა და თქვა, რომ ცხინვალი ქართულმა მხარემ დაბომბა.

“ჩვენ რომ აქედან დაბომბვა დავიწყეთ, იმათაც რომ ერთი გამოესროლათ, რა გვეშველებოდა”, – განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გორის მერიასთან სამოქალაქო აქტივისტებმა მერის კონსტანტინე თავზარაშვილის წინააღმდეგ აქციაც გამართეს. სამოქალაქო მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტიას“ წევრმა ახალგაზრდებმა ადმინისტრაციული შენობის კიბეზე ნაკელი და მარცვლეული (საკენკი) დაყარეს და გორის მერს კონსტანტინე თავზარაშვილის მის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებული განცხადების გამო საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოითხოვეს.

აქციის დასასრულს თან ახლდა ინციდენტი, რის გამოც გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსს თეიმურაზ მანველიშვილს ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის შესრულება ან თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით ემუქრება.