მაქარაშვილი: პირი, რომელმაც თავზე ნაგავი დამაყარა, ლევან იზორიას მოადგილის ცოლის ძმაა

წინა სტატია

აქციის მონაწილე გიგა მაქარაშვილი აცხადებს, რომ გორის მერიის თანამშრომელი თემურ მანველიშვილი, რომელმაც მას ფუნა და საკენკი თავზე დააყარა, ლევან იზორიას მოადგილის ცოლის ძმაა.

“ის ვაჟკაცია, გუშინ ზურგიდან რომ მომეპარა და ოკუპაციის მშვიდობიანი პროტესტისთვის თავზე ნაგავი დამაყარა! აღმოჩნდა, რომ მას ჰქვია თემურ მანველიშვილი, მუშაობს გორის მერიაში, იურიდიული სამსახურის უფროსია და რაც მთავარია, თავდაცვის მინისტრის, იზორიას მოადგილის, ნუკრი გელაშვილის ცოლის ძმაა! არც სამსახურიდან მოუხსნიათ ჯერ, არც დაუკავებიათ,“- წერს მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ გორის მერიასთან სამოქალაქო აქტივისტებმა მერის კონსტანტინე თავზარაშვილის წინააღმდეგ აქცია გამართეს. სამოქალაქო მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტიას“ წევრმა ახალგაზრდებმა ადმინისტრაციული შენობის კიბეზე ნაკელი და მარცვლეული (საკენკი) დაყარეს და გორის მერს კონსტანტინე თავზარაშვილის მის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებული განცხადების გამო საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოითხოვეს.

აქციის დასრულებისას აქტივისტებმა ტერიტორიის დასუფთავება თავად დაიწყეს, რა დროსაც ინციდენტი მოხდა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა, თეიმურაზ მანველიშვილმა აქციის მონაწილე მაქარაშვილს ნაგვით სავსე ურნა თავზე დააყარა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და თეიმურაზ მანველიშვილს ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის შესრულება ან თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით ემუქრება.

მსგავსი სიახლეები