მწვანე კონცხზე მე-19 საუკუნის შენობა განადგურების პირასაა (ფოტო)

2199

მწვანე კონცხზე ე.წ. მეოთხე სამმართველოს ტერიტორიაზე არსებულ შენობაში წლების წინ დასასვენებელი სახლი “მწვანე კონცხი” ფუნქციონირებდა. შენობის დარბაზები და აივნები მოზაიკით იყო მოპირკეთებული, დღეს კი მხოლოდ მისი ნაწილია გადარჩენილი. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

დასასვენებელი სახლი 10 წელზე მეტი ხნის წინ გასხვისდა და დაინგრა. 2006 წლამდე შენობაში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა ცხოვრობდა.

პროფესორ თამაზ ჭირაქაძის ინფორმაციის, ორსართულიანი ნაგებობა 1870 წლის შემდეგ არის აგებული და იგი პეტერბურგში მცხოვრებ ვინმე ბარიატინსკის ეკუთვნოდა, რომელიც მისი თქმით, სავარაუდოდ, ქართველი იყო, გვარად ბარათაშვილი. გადმოცემის მიხედვით მწვანე კონცხზე მდებარე შენობის პროექტი ბარიატინსკის ინგლისიდან ჩამოუტანია.

შენობა ბერძნულ სტილშია ნაგები და გამორჩევა კოლონების რაოდენობით, ასევე არქიტექტურითა და დიზაინით. თამაზ ჭირაქაძე ყვება, რომ პეტერბურგელმა მეპატრონემ სახლი მოგვიანებით დანიის ელჩზე გაასხვისა, რომელმაც იგი რევოლუციის შემდეგ დატოვა. საბჭოთა პერიოდში საცხოვრებელი სახლი გამოისყიდეს და დასასვენებელ სახლად გადააკეთეს.

ორსართულიან შენობაში მწვანე კონცხზე, ზღვის ხედით მხოლოდ რუსი მაღალჩინოსნები ისვენებდნენ. თამაზ ჭირაქაძე, რომელიც მის მიმდებარედ კორპუსში ცხოვრობს იხსენებს, რომ ტერიტორია ჩაკეტილი იყო. მათთვის და ტურისტებისთვის შენობის კარი მას შემდეგ გაიღო რაც სანატორიუმად გადაკეთდა.

მისივე ინფორმაციით, სახლი არქიტექტურასთან ერთად ინტერიერის დიზაინითაც გამოირჩეოდა. მისი თქმით, შენობას ორი ინგლისურ სტილში ნაგები ბუხარი და საბილიარდო ჰქონდა, რომელიც პროფესორის გადმოცემით მე-19 საუკუნით თარიღდებოდა.

ინგლისში დამზადებული პროექტით, ბერძნულ სტილში აგებული საუკუნეზე მეტი ხნის შენობა განადგურებულია.