გორის მერიის ადმინისტრაციის უფროსს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება

759

წინა სტატია

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსის, თეიმურაზ მანველიშვილის მიერ აქციის მონაწილისთვის თავზე ნაკელიანი ურნის თავზე ჩამომხობის ფაქტზე შს სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის გ ქვეპუნქტით დაიწყო. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს: ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 180- 240საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. აღნიშნული მუხლის გ ქვეპუნქტი გულისხმობს ძალადობის განხორციელებას ორი ან მეტი პირის მიმართ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ძალადობა მხოლოდ ერთი პირის მიმართ არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ გორის მერიასთან სამოქალაქო აქტივისტებმა მერის კონსტანტინე თავზარაშვილის წინააღმდეგ აქცია გამართეს. სამოქალაქო მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტია“-ს წევრმა ახალგაზრდებმა ადმინისტრაციული შენობის კიბეზე ნაკელი და მარცვლეული (საკენკი) დაყარეს და გორის მერს კონსტანტინე თავზარაშვილის მის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებული განცხადების გამო საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოითხოვეს. აქციის დასრულებისას კი ტერიტორიის დასუფთავება თავად დაიწყეს, რა დროსაც ინციდენტი მოხდა.

გორის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებმა აქციის ერთ-ერთი მონაწილე ტერიტორიის დანაგვიანების გამო დააჯარიმეს. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა, თეიმურაზ მანველიშვილმა კი, აქციის მონაწილე მაქარაშვილს ურნა, რომელშიც ახალგაზრდები მერიის კიბიდან აკრეფილ მარცვლეულს და ნაკელს აგროვებდნენ, თავზე დააყარა.