გორის მერიის თანამშრომელმა აქტივისტს ფუნით და საკენკით სავსე ურნა თავზე დააყარა

933

წინა სტატია

გორის მერიასთან სამოქალაქო აქტივისტებმა მერის კონსტანტინე თავზარაშვილის წინააღმდეგ აქცია გამართეს და მისგან აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო ბოდიშის მოხდა მოითხოვეს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

აქციის მონაწილეებმა მერიასთან ფუნა და საკენკი დაყარეს და მისი დასრულების შემდეგ აქტივისტებმა ტერიტორიის დასუფთავება თავად დაიწყეს, რა დროსაც ინციდენტი მოხდა.

როგორც აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ამბობს, გორის მერიის თანამშრომელმა მას თავზე, ურნაში აქტივისტების მიერ შეგროვებული ნაგავი დააყარა, მათ შორის ფუნა და საკენკი.

“აქციის მერე ვასუფთავებდით კიბეებს საკენკისგან და ფუნისგან. დაგვის დროს, უკნიდან მომვარდა კაცი და თავზე დამაყარა მოგროვებული ნაგავი. თან მოგვაძახა: “ეგრე გინდათ მეტის ღირსები ხართ.” ეს უბრალოდ სირცხვილია”, – თქვა გიგა მაქარაშვილმა.

კონსტანტინე თავზარაშვილმა რამდენიმე დღის წინ, კარალეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველო დაადანაშაულა.

“ჩვენ რომ აქედან დაბომბვა დავიწყეთ,იმათაც რომ ერთი გამოესროლათ რა გვეშველებოდა“, – განაცხადა გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიგა მაქარაშვილი ის სამოქალაქო აქტივისტია, რომელმაც რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად თბილისიდან ენგურის ხიდამდე 13 დღე ფეხით იარა, სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს კი ენგურთან აქცია გამართა.