არასამთავრობოები ზუგდიდის საკრებულოს გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, გაასაჩივრებენ

845

სამეგრელოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ მოქალაქეებს სხდომაზე საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება არ მიეცათ და მოქალაქეთა აზრის გაუთვალისწინებლად მოხდა მუნიციპალიტეტების შერწყმის სამთავრობო წინადადების მხარდაჭერა.

გარდა ამისა, მათი თქმით, იყო პროცედურული დარღვევებიც, მათ შორის ის, რომ საკრებულოს ჟურნალში წინასწარ დარეგისტრირებულმა მოქალაქეებმა აზრი ვერ დააფიქსირეს. ასევე, საკრებულოს თავმჯდომარემ ნატალია შეროზიამ შესვენებიდან დაბრუნების შემდეგ საკითხი კენჭისყრაზე ისე დააყენა, რომ არ განუმარტავს, რა საკითხს ეყრებოდა კენჭი – სხდომის დახურვას, თუ სამთავრობო წინადადების მხარდაჭერას.

ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის თემის მუნიციპალიტეტების შერწყმის სამთავრობო წინადადებას მხარი დაუჭირა. სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

მოუსმინეთ პრესკონფერენციის აუდიოჩანაწერს.