თბილისში სასმელი წყლის შადრევნებზე ჩამკეტ ონკანებს დაამონტაჟებენ

1872

თბილისში სასმელი წყლის შადრევნებზე თანამედროვე ტიპის წყლის ჩამკეტ ონკანებს დაამონტაჟებენ. თბილისის მერიის შპს “ეკოსერვის ჯგუფმა”, სასმელი წყლის რაციონალური ხარჯვის მიზნით, უკვე 300 ონკანი შეიძინა.

დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში, სკვერებსა და პარკებში ონკანების მონტაჟი უკვე დაწყებულია და რამდენიმე დღეში დასრულდება.

ჩამკეტი ონკანები უკვე დამონტაჟდა რიყის პარკის, ვაკის პარკისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სასმელი წყლის შადრევნებზე.

ამასთან, უახლოეს დღეებში რუსთაველის გამზირის, შარტავას ქუჩის, წურწუმიას ქუჩის, მზიურის პარკისა და მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარე სკვერში არსებული სასმელი წყლის შადრევნების შეკეთება და ახალი ონკანებით აღჭურვა იგეგმება.

შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ ჩამკეტ ონკანებს დედაქალაქის გამგეობებს გადასცემს, რათა წყლის რაციონალური ხარჯვა თბილისის მასშტაბით იყოს უზრუნველყოფილი.