ქუთაისის მერია: ქალაქ კოზენცაში სამივლინებო ხარჯმა 7 ათასი ლარი შეადგინა

1255

წინა სტატია

ქუთაისის მერია ქალაქ კოზენცაში სამივლინებოდ დახარჯულ თანხებთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდების საპასუხოდ განცხადება გაავრცელა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

“იტალიის ქალაქ კოზენცაში ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის 4 წარმომადგენლის სამივლინებო ხარჯმა შეადგინა 7 000 ლარი. მათ შორის სატრანსპორტო მომსახურებაზე დაიხარჯა 4 800 ლარი დანარჩენი თანხა გაცემულ იქნა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის 211 დადგენილების მე-3 მუხლის მოხელეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესის შესაბამისად, სადაც წერია რომ მოხელეს, რომელსაც გზავნიან სამსახურებრივ მივლინებაში, სრულად უნდა აუნაზღაურდეს სამივლინებო ხარჯები მივლინებაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში”, – წერია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ასევე, თანამდებობის პირს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას ყოველდღიურად აგრეთვე მიეცემა ამ წესის №2 დანართით გათვალისწინებული სადღეღამისო ნორმის დანამატი. ამასთან, №2 დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის თანამდებობის პირებს აუნაზღაურდებათ ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის დაქირავებისა და წარმომადგენლობითი ხარჯები.

სადღეღამისო ხარჯები იანგარიშება სამსახურებრივ მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და უქმე, აგრეთვე მივლინებაში გამგზავრებისა და მივლინებიდან დაბრუნების დღეების ჩათვლით.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერისა და ვიცემერის ვიზიტი ქალაქ კოზენცაში მიმდინარე წლის 6-9 სექტემბერს ოფიციალური მიწვევით შეგდა. ვიზიტის მიზანი იყო ორ ქალაქს შორის ურთიერთანამშრომლობის გზებზე საუბარი და ინტერკულტურული გაცვლითი პროგრამები. შეხვედრა ოფიციალურად ქალაქ კოზენცას მერიის შენობაში შედგა ქუთაისის მერსა და კოზენცას მერ მარიო ოჩიუტოს შორის სადაც სამომავლო ინტერკულტურულ გაცვლით პროგრამებს შეეხო საუბარი, რომლის ფარგლებში სამომავლოდ ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლისა და თეატრის გასტროლი იგეგმება კოზენცაში. ქუთაისსა და კოზენცას შორის მეგობრობის მემორანდუმი მიმდინარე წლის მაისში გაფორმდა“ – წერია განცხადებაში.

ქუთაისის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე გიგა შუშანია ამბობს, რომ ქუთაისის მერის იტალიაში, ქალაქ კოზენცაში ვიზიტის ხარჯებთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაცია თითქმის ერთი თვის წინ გამოითხოვა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. შუშანია მერიის წინააღმდეგ სარჩელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში მოწყობილ გამოფენაზე სხვა ნახატებთან ერთად ქუთაისისა და კოზენცას მერების პორტრეტებიც გამოიფინა. ისინი ვორკშოპის ფარგლებში ქუთაისელმა მხატვარმა ლავენ გოგიტაძემ დახატა.