ბარათაშვილის ქუჩაზე რევაზ ლაღიძის ბიუსტი გახსნეს

1143
ბარათაშვილის ქუჩაზე კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ბიუსტი გახსნეს, რომლის ავტორი მოქანდაკე თენგიზ აბრამიშვილია.

ბიუსტის გახსნას დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დაესწრნენ.

“ჩემთვის ძალიან დიდი პატივია რევაზ ლაღიძის ბიუსტის გახსნა. მას არაერთი შესანიშნავი კომპოზიცია აქვს შექმნილი. იმისთვის, რომ მთელ ქვეყანას ეღიარებინა, “თბილისოც“ საკმარისია. მან საკმაოდ ახალგაზრდამ, 38 წლის ასაკში დაწერა ეს სიმღერა და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი დედაქალაქის ჰიმნად იქცა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ბიუსტის ავტორის, მოქანდაკე თენგიზ აბრამიშვილის განცხადებით, პორტრეტი ბრინჯაოშია ჩამოსხმული და მასზე განთავსებული წარწერა ნოტებზეა აგებული.

“თბილისში „თბილისოს“ ავტორის ძეგლი არ იდგა და ბიუსტის შექმნის იდეაც სწორედ ამიტომ დამებადა. ამაზე სამუშაოდ რამდენიმე წელი დამჭირდა. მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ჩემი ნამუშევარი გამოარჩიეს. ადგილთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა იყო. საბოლოდ კი, ძველი თბილისის უბანი შეირჩა, სადაც ძველი არქიტექტურა თანამედროვეობასთან არის შერწყმული“, – აღნიშნა მოქანდაკემ.