ცინცაძე-კარტოზიას ესტაკადის მშენებლობა ოქტომბრის ბოლოს დასრულდება

1055

წინა სტატია

ცინცაძის და კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია და უახლოეს დღეებში გზის საფარის დაგება დაიწყება. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ესტაკადის მშენებლობა ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.

“ეს მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ძალიან მალე დასრულდება. ამ კონკრეტულ მონაკვეთს მიეცა შესაძლებლობა, ავტომობილებისგან განიტვირთოს და გადაადგილება თავისუფლად იყოს შესაძლებელი. აქ მოეწყობა სპეციალური კუნძულები, რომლებიც გამწვანებული იქნება. ასევე, დაირგვება ახალი ნარგავები, ხეები და მგონია, რომ მართლაც საკმაოდ ლამაზი პროექტი გამოვა. სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დასრულება. პროექტის განხორციელებისთვის დაახლოებით, სამი მილიონი ლარი დაიხარჯა”,- განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

ამასთან, მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, თანამედროვე ენერგოეფექტური განათების სისტემა, არსებული გამწვანების მიმდებარედ კი – სკვერი მოეწყობა. გზაგამტარი ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად მოძრაობას უზრუნველყოფს, საბურთალოს რაიონის ცენტრალურ ნაწილში საცობებს განტვირთავს და ტრანსპორტის გადაადგილების დროს შეამცირებს.

სამშენებლო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს “ქონსთრაქშენ სერვისი“ აწარმოებს. ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობაზე თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 2 968 952 ლარი დაიხარჯება.